ქართული ხახვი სომხურ ბაზარზე გაიყიდება

მარნეულის ბოსტნეულის წარმოებაში მოყვანილი ხახვი სომხურ ბაზარზე პოპულარობით სარგებლობს.

როგორც ინდ-მეწარმე შმაგი ღავთაძემ bpn-ს განუცხადა, ქართული ხახვის შესაძენად სომხეთიდან ხშირად ჩამოდიან. მისი თქმით, საკუთარი წარმოების განვითარებაში მას სოფლის მეურნეობის სამინისტროს "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი" დაეხმარა.

პროექტის ფარგლებში ღავთაძემ 80 ათასი ლარი აიღო და ძირითადად, სტაფილოსა და ხახვის წარმოებით არის დაკავებული. მისი თქმით, ერთი კილოგრამი ხახვი ქართულ ბაზარზე 40 თეთრად იყიდება, ხოლო სტაფილო - 55-60 თეთრად.

ინდ-მეწარმის თქმით, ვინაიდან ხახვის წარმოება კილოგრამზე დაახლოებით 33 თეთრი ჯდება, პროდუქტის ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვა ნაკლებ მომგებიანია, ვიდრე ექსპორტზე გატანა. რაც შეეხება სტაფილოს, ღავთაძის თქმით, ის ძირითადად ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი.