გუშინ ღამე სოფელ დაბიდან ერთი ოჯახის ევაკუაცია მოხდა, თუმცა ამ წუთში მათ სახლსაც არაფერი ემუქრება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა.
როგორც ზურაბ ალავიძემ აღნიშნა, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა მთელი საქართველოდან და ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
მინისტრის განცხადებით, თითოეული ადამიანის სიცოხლე ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით რისკს ერთ პროცენტსაც არ გასწევენ.
„აქედან გამომდინარე, დროებით ამ ადამიანების გამოყვანა მოხდა საკუთარი სახლიდან, თუმცა მათ სახლსაც ამ წუთში არაფერი ემუქრება“, - განაცხადა ალავიძემ.
ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში ტყის მასივს ხანძარი 20 აგვისტოს გაუჩნდა. 21 აგვისტოს შუადღისთვის, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება, ფაქტობრივად, მოხდინეს, თუმცა ქარის გამო ხანძრის კერები კვლავ განახლდა. გუშინ ადგილზე ჩავიდა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მისი დავალებით ბორჯომში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საგანგებო შტაბი შეიქმნა.