„ეზოს ავეჯი“ - ხისა და რკინის კონსტრუქციის კომბინაციით შექმნილი ნაკეთებობები

ეზოს, ბაღის, ვერანდისა და აგარაკის მოსაწყობად ქართულ ბაზარზე უკვე ადგილობრივი წარმოების ხისა და რკინის კომბინაციით დამზადებული ავეჯი გამოჩნდა.

„ეზოს ავეჯის“ პროფესიონალთა გუნდი მომხმარებლებს თავიანთი სურვილითა და დიზაინით შექმნილ, ნებისმიერი სტილისა თუ ზომის ავეჯს, ადგილზე მიტანისა და მონტაჟის სერვისთან ერთად სთავაზობს. 

bpn

„ეზოს ავეჯის“ ევროპული დანადგარებით აღჭურვილი საწარმო, თბილისში, აფრიკის დასახლებაში მდებარეობს. როგორც სტარტაპის დამფუძნებელი ვასილ მატიაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, კომპანიისთვის მთავარი გამოწვევა იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენციაა.

„როცა ჩვენ დავიწყეთ საქმიანობა, კარგად ვაცნობიერებდით, რომ ქართული ბაზარი უკვე საკმაოდ გაჯერებული იყო სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი მსგავსი პროდუქციით. თუმცა, ჩვენი მთავარი უპირატესობა მაღალი ხარისხია. თავიდანვე ეს ნიშა ავირჩიეთ. ამასთანავე, მომხმარებლისთვის ხელსაყრელია ის პირობა, რომ ავეჯი მათი სურვილის შესაბამისად შეგვიძლია დავამზადოთ“, - აღნიშნავს მატიაშვილი.

ვასილ მატიაშვილის თქმით, „ეზოს ავეჯის“ გუნდი შეკვეთას 1-დან 3 დღემდე ვადაში ასრულებს და ადგილზე მონტაჟსაც უზრუნველყოფს.

bpn

„ეზოს ავეჯი“ პირველ ეტაპზე შეკვეთებს თბილისიდან და დედაქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული აგარაკებიდან იღებს. თუმცა კომპანიის დამფუძნებლის განმარტებით, შეკვეთის შესრულება სხვა რეგიონშიც არ წარმოადგენს პრობლემას.

ხისა და რკინის კომბინაციისგან დამზადებული სკამები, მაგიდები, შეზლონგები, საწოლები, კარები, ღობე და სხვა ეზოსთვის საჭირო ნებისმიერი ავეჯი ევროპული ტექნოლოგიით სრულდება. ავეჯი შესაძლოა ორნამენტებით გაფორმებული ან სადა დამზადდეს.

„გააჩნია მომხმარებლის სურვილს და გემოვნებას. სწორედ მასალის მოპირკეთებასა და გამოყენებული ტექნოლოგიის სირთულეზეა დამოკიდებული ავეჯის ფასიც. კონკრეტულად ფასების დასახელება ძალიან რთულია, ნებისმიერ პროდუქციას განსხვავებული ღირებულება აქვს, თუმცა მაგალითისთვის რომ ავიღოთ, ეზოს სკამები და მაგიდა შესაძლოა მომხმარებელს 300 ლარიც დაუჯდეს, მაგრამ თუ ორნამენტებით გაფორმებული და განსაკუთრებულად დამუშავებული შეგვიკვეთა, ამ შემთხვევაში ღირებულება შესაძლოა, 1500 ლარსაც გაუტოლდეს.“-აღნიშნავს ვასილ მატიაშვილი. bpn“ეზოს ავეჯის“ დამფუძნებლის თქმით, საკმაოდ მწვავედ დგას კვალიფიციური კადრების პრობლემა. განსაკუთრებით კი ხეზე მომუშავე სპეციალისტების ნაკლებობაა.

„ეზოს ავეჯი“ ერთი თვეა, რაც „თი ბი სი ბანკის“ სტარტაპერების მხარდამჭერ პროგრამაში ჩაერთო. ვასილ მატიაშვილმა სტარტაპ სესხითაც ისარგებლა. მიღებული ათი ათას ლარიანი დაფინანსებით, მატიაშვილი კომპანიის გაფართოებას აპირებს.

ქრისტინე გამთენაძე

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: ADvan/ედვენი