კონკურენცია სიღარიბეში: საქართველოში ყოველი მესამე ადამიანი თავს ღატაკად მიიჩნევს

იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ, ბოლო ორი წლის განმავლობაში გაზრდილია.

საქართველოში ყოველი მესამე ადამიანი ითხოვს სახელმწიფოსგან დახმარებას და თავს ღატაკად მიიჩნევს. სპეციალისტების აზრით, სოციალური დახმარება მკაცრად გასაკონტროლებელია და აუცილებლად უნდა გადაიხედოს იმ ადამიანთა პირადი მონაცემები, რომლებიც სახელმწიფოსგან შემწეობას იღებენ. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ვისაც ფიზიკური შრომა შეუძლია, სახელმწიფომ უნდა დაასაქმოს და არა დახმარება დაუნიშნოს, რადგან საქართველოს მოსახლეობის ეს სეგმენტი "ერთმანეთს სიღარიბეში ეჯიბრება".

ბოლო ორი წელია, იზრდება სოციალური შემწეობის მიმღებ ადამიანთა რიცხვი. 2015 წლის ივლისში მთელი ქვეყნის მასშტაბით ასეთი 317 000 იყო, 2016 წლის ივლისში – 474 000, ხოლო 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში - 457 000. ამას გარდა, დიდია რეგისტრირებულთა რაოდენობა, რომლებიც საარსებო შემწეობის მოლოდინში არიან. 2015 წლის ივლისში – 1 609 000 კაცი, 2016 წლის ივლისში – 1 338 000, ხოლო 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში – 1 მლნ-მდე ადამიანი.

კონკურენცია სიღარიბეში: ყოველი მესამე ადამიანი თავს ღატაკად მიიჩნევს.

მიხეილ ჯიბუტი: სამწუხაროდ, ადამიანები ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო ღარიბია.

სოციალური სისტემა, რომელიც ქულებზეა დაფუძნებული, მახინჯი სისტემაა და რეალურ სურათს არ ასახავს. ეს სისტემა შესაცვლელია, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა მიხეილ ჯიბუტმა. მისი თქმით, სოციალური დახმარება ეწინააღმდეგება და ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას საბაზრო ეკონომიკის მიმართულებით.

"ქულებზე დაფუძნებული სოციალური სისტემა შესაცვლელია, რადგან პოლიტიზებულია და მიბმულია იმაზე, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს უპირატესობა, გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისთვის. სხვა სარგებელს ამ პროგრამიდან დიდად ვერ ვხედავ. ეს სისტემა ასევე ეწინააღმდეგება და ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას საბაზრო ეკონომიკის მიმართულებით. იმიტომ, რომ იქ არის კონკურენცია სიღარიბეში, ვინ უფრო ღარიბია და ვინ უფრო მეტ შემწეობას იღებს, ეს ბევრისთვის პრობლემა სრულებით არაა. შემოსავლის ზრდისა და გამდიდრების ნაცვლად, როდესაც სიღარიბისკენაა მისწრაფება, ეს უკვე დიდი პრობლემაა. ადამიანები ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო ღარიბია. ეს წახალისებულია ხელისუფლებისგან. საბაზრო ეკონომიკის პრინციპი სულ სხვაა - რატომ ხარ შენ ღარიბი, თუკი ჭკვიანი ხარ?

ხალხს, რომელიც სოციალურად გაჭირვებულია, უნდა ჰქონდეს ისეთი სოციალური დახმარება, რომელიც მიბმული იქნება არა ქულებზე, არამედ რეალურ შემოსავლებზე. სახელმწიფომ თავის მხრივ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სამუშაო ადგილები გაზარდოს და დასაქმებულთა რაოდენობამ მოიმატოს. ეს შეამცირებს სოციალურად დაუცველთა რაოდენობას, ისინი საკუთარ შემოსავალს დაეყრდნობიან და არა - სახელმწიფოს, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ჯიბუტმა.

დახმარება, რომელსაც სახელმწიფო ურიცხავს მოსახლეობას, ფაქტობრივად, უმუშევრობის ხელშეწყობაა და არა წმინდა დახმარება, - ასე ფიქრობს პროფესორი ბადრი რამიშვილი. მისი თქმით, აუცილებელია, გამკაცრდეს ადმინისტრირება და შემწეობა დაენიშნოს მხოლოდ მათ, ვისაც ნამდვილად სჭირდება. ესენი არიან შშმ პირები, ხოლო დანარჩენს უნდა მოეხსნას, შრომისუნარიან ადამიანებს ხელი უნდა შეეწყოს სხვადასხვა აქტივობის წახალისებით. აუცილებელია, სახელმწიფომ შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები, რათა შემცირდეს სოციალურად დაუცველთა რაოდენობა და გაიზარდოს დასაქმებულთა წილი.

"დღეს სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ძალიან დიდია. ამ რიცხვს თუ დავეყრდნობით, გამოდის, რომ ქვეყანა სიღარიბის ზღვარზეა. ის დახმარება, რომელსაც სახელმწიფო აძლევს მოსახლეობას, ფაქტობრივად, უმუშევრობის ხელშეწყობაა და არა წმინდა დახმარება. ძალიან ცუდი ფორმით გაკეთდა მაშინ, როდესაც ეს სისტემა აამოქმედეს.

ჩემი აზრით, აუცილებელია, გამკაცრდეს ადმინისტრირება და შემწეობა დაენიშნოს მხოლოდ მას, ვისაც ესაჭიროება. ესენი არიან შშმ პირები, ხოლო დანარჩენს უნდა მოეხსნას, შრომისუნარიან ადამიანებს ხელი უნდა შეეწყოთ სხვადასხვა აქტივობის წახალისებით. აუცილებელია, სახელმწიფომ შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და აამოქმედოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც შრომისუნარიანია. ამას გარდა, აუცილებელია, ადამიანს, რომელსაც აქვს სოციალური დახმარება, არის ფიზიკურად ჯანმრთელი და ჰყავს ორი ძროხა, მოეხსნას დახმარება და მისცენ უპროცენტო სესხი, რათა იყიდოს კიდევ ორი ძროხა და განავითაროს საკუთარი საქმიანობა, ანუ ხელი შეეწყოს ბიზნეს აქტივობას და არა პირიქით. დახმარება, რომელსაც სახელმწიფო ურიცხავს მოსახლეობას, ფაქტობრივად, უმუშევრობის ხელშეწყობაა და არა წმინდა დახმარება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" პროფესორმა ბადრი რამიშვილმა.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"