როგორ ებრძვიან ძლიერ ხანძარს შვეულმფრენებით - უცხოური გამოცდილება და ვითარება საქართველოში

უკვე მესამე დღეა, ბორჯომში ტყის მასივში გაჩენილ ძლიერ ხანძარს ებრძვიან.

სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველები, შსს-ს 500 კაციანი პირადი შემადგენლობა, ადგილობრივი მოახლეობა, მოხალისეები, მძიმე ტექნიკა და ავიაციაა ჩართული.

როგორც აღმოჩნდა შსს-ს ერთადერთი Ми-8-ს ტიპის შვეულმფრენი არსებულ მასშტაბებს ვერ გაუმკლავდა. გუშინ დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა დახმარებისთვის ერთი ერთეული სახანძრო შეულმფრენი Ка-32А გამოგზავნა. დღეს დახმარების ხელი თურქეთმაც გამოგვიწოდა. ანკარა - ორ სახანძრო შვეულმფრენს და ერთ თვითმფრინავს გამოგზავნის.

საგულისხმოა, რომ სტიქიასთან ბრძოლაში თურქეთი ადრეც დაგვხმარებია. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ ტყე-პარკში გაჩენილი ძლიერი ხანძრის ჩქარობაში უდიდესი დახმარება სწორედ თურქეთის სახანძრო თვითმფრინავებმა გაგვიწიეს.

რთულად მისადგომ ადგილებში ხანძრის სწრაფი ლოკალიზებისთვის, შვეულმფრენების და თვითმფრინავების გამოყენება ძალზე ეფექტურია. საფრენ აპარატს უშუალოდ ხანძრის კერის თავზე, ერთ ჯერზე რამდენიმე ტონა წყლის ჩამოცლა შეუძლია. სახანძრო თვითმფრინავებს წყალი შიდა რეზერვუარებში აქვთ მომარაგებული, შვეულმფრენებს კი გარე საკიდზე ჩამოკიდებულ კალათებში.

პირველად ასეთი კალათა, 1950-იან წლების დასაწყისში აშშ-ში შექმნეს. შვეულმფრენის ქვეშ გრძელ ბაგირზე ჩამოკიდებული კალათა 205 ლიტრ წყალს იტევდა. შემდგომი წლების განმავლობაში აქტიურად იცდებოდა შვეულმფრენიდან ხანძრის კერაზე წყლის ჩამოსხმის სხვადასხვა მეთოდები. 1982 წელს კანადელმა დონ არნიმ მოწყობილობა Bambi Bucket შექმნა. რეზინის მასიური კალათით წყლის ჩამოცლა უშუალოდ კერის თავზე შეიძლებოდა, წყლის მარაგის შევსება კი - ნებისმიერი მდინარიდან და ტბიდან. მასშტაბურ ხანძართან ბრძოლა გამარტივდა და შედარებით უსაფრთხო გახდა.

სიდიდიდან გამომდინარე შვეულმფრენების Bambi Bucket-ის ტიპის რეზინის კალათები 275-დან 15,000 ლიტრამდე წყალს იტევენ. თანამედროვე მოდელები სპეციალური ტუმბოებით არიან აღჭურვილნი, რაც წყლის ავსების პროცესს აჩქარებს.

წყლიანი კალათების და შვეულმფრენების გამოყენებით ხანძრის ჩაქრობა საქართველოში უკვე წლებია ხორციელდება. თუმცა, ამ ეტაპზე მთავარი სირთულე შვეულმფრენების დეფიციტია. საქართველოს საშვეულმფრენო პარკი დიდი ხანია განახლებას საჭიროებს. მაშინ როდესაც დასახმარებლად სხვა ქვეყნებს მივმართავთ, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი Ми-8-ები წლებია რემონტის მოლოდინში უქმად დგანან. ფინანსების არ ქონის პირობებში კი სტიქიის პირისპირ აღმოჩენილები მეზობელი ქვეყნების დახმარების იმედად დავრჩით.

სამწუხაროდ, რეგიონში სადაც ამჟამად ხანძარმა თითქმის 12 ჰექტარი ფართობი მოიცვა, სტიქია ყოველ ზაფხულს მძვინვარებს. რელიეფიდან გამომდინარე სამაშველო შვეულმფრენები ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ჭირდება და შსს-ს ერთი მოქმედი Ми-8-ს იმედზე არ უნდა ვიყოთ.

საფრენ აპარატებთან ერთად სათანადო აღჭურვილობა და რაც მთავარია კვალიფიციური და მომზადებული ეკიპაჟებია საჭირო. გამოცდილი მფრინავები რომლებიც ხანძარს ღამითაც შეებრძოლებიან და მზის ამოსვლის ლოდინში ძვირფას საათებს არ დაკარგავენ. იხილეთ გაგრძელება