ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბორჯომის ხეობაში მყოფ მოქალაქეებს, რომლებსაც ფილტვების ქრონიკული დაავადება აქვთ, რეკომენდაციით მიმართავს.
როგორც სერგეენკომ განაცხადა, ფილტვების ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, ვინც ამჟამად ბორჯომში სტიქიის ზონასთან ახლოს იმყოფებიან, სასურველია, რომ გარეთ ყოფნას მოერიდონ.
მინისტრის თქმით, სასწრაფო დახმარების ბრიგადები მობილიზებულები არიან, რათა საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს დახმარება აღმოუჩინონ.
"ამ დღეების განმავლობაში გარემო პირობებით გამოწვეული რაიმე ჯანმრთელობის დაზიანება არ გვქონია. სამედიცინო სამსახური მობილიზებულია. არის ქარიანი ამინდი და ხდება კვამლის გადანაწილება დასახლებულ პუნქტებზე. რაიმე სმოგით დაბინძურების საშიშროება ამ წუთის მდგომარეობით არ არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია, თავის დაზღვევის მიზნით, მათ ვისაც სხვადასხვა სახის ფილტვების ქრონიკული დაავადება აქვს, მოერიდონ გარეთ ყოფნას და ატარონ პირბადეები", - განაცხადა დავით სერგეენკომ.