თუშეთის გზის ერთი ნაწილი წყალმა დაფარა

თუშეთის გზის 56-ე კილომეტრზე სავალი ნაწილი წყალმა დაფარა.

გავრცელებული ინფორმაციით, გზაზე წყლის სიმაღლე 30 სანტიმეტრს აღემატება.

"ამ წუთებში თუშეთის გზაზე დაგუბებული წყალი გადმოვიდა გზაზე და დღეს საღამომდე ან მაქსიმუმ ხვალამდე ჩაკეტავს თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ გზას !!! გვესმის რომ მთელი საქართველო ბორჯომის ტყეში მძვინვარე ხანძარს ებრძვის, მაგრამ გთხოვთ სასწრაფოდ სათანადო ყურადღება მიაქციეთ თუშეთის გზას, რადგან ის არის თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა და მისი ჩაკეტვა ნიშნავს უდიდეს ზარალს მთელი რეგიონისათვის. ჯერ ისედაც წელს გზა 1 თვის დაგვიანებით გაიხსნა." - ინფორმაციას ამის შესახებ თუშეთის განვითარების ფონდი ავრცელებს.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ამ ეტაპზე გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ოთხთვლიანი ავტომობილებისთვის მოძრაობა შესაძლებელია. თუმცა წარმოქმნილი პრობლემის გამო გზა შესაძლოა რამდენიმე რამდენიმე დღით დაიკეტოს. უწყების ცნობით, ზუსტი ინფორმაცია საღამოს საათებში გახდება ცნობილი.