ევრო დოლართან პოზიციებს თმობს

ცენტრალური ბანკების მმართველთა შეხვედრის წინ, რომელიც ჯექსონ ჰოულში გაიმართება, ევრომ დოლართან მიმართებაში პოზიცია დათმო და ეს ბაზარზე ინვესტორთა აქტივობის შემცირების ფონზე ხდება.

ევროპული ვალუტა ამერიკულთან წყვილში 0.6 პროცენტით, 1.1750 დოლარამდე შემცირდა.

ჯექსონ ჰოულის სიმპოზიუმს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სააგენტო ატარებს და მასზე ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ მარიო დრაგის და ფედერალური სარეზერვო სააგენტოს პრეზიდენტ ჯანტ იელენის გამოსვლები პარასკევს არის დანიშნული. ინვესტორები და ანალიტიკოსები მათგან შესაბამისი ცენტრალური ბანკების სამომავლო გეგმების შესახებ მინიშნებებს ელიან. ამ მინიშნებების საფუძველზე შესაძლებელი გახდება ევროს და დოლარის პერსპექტივების ანალიზი და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება.

ამ ეტაპზე, ევრო დოლართან წყვილში, ბოლო ორწელიწადნახევრის პიკის (1.1910 დოლარი) სიახლოვეს იმყოფება და წყვილის ფასის კლება, კორექციულ მოძრაობად აღიქმება.

ინვესტორთა ნაწილი ფიქრობს, რომ ევროს სიძლიერემ პიკს მიაღწია და სწორედ ეს იწვევს ევროპის ცენტრალური ბანკის ფრთხილ დამოკიდებულებას სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. საქმე ისაა, რომ მყარი ევრო ექსპორტიორების მოგებას ამცირებს. ასევე კლებულობს იმპორტის ფასები, რაც ინფლაციურ ფონს აუარესებს. არადა, ევროზონაში ეკონომიკის სტიმულირების მთავარი მიზანი, სწორედ ინფლაციის მიზნობრივ (2%) დონემდე ამოწევაა.

ამჟამად ინვესტორები ეევროზონაში რაოდენობრივი შემსუბუქების (QE) პროგრამის შეკვეცას ელიან, რაც აუცილებლად გამოიწვევს ევროს გამყარებას და შესაბამისად, ევროპის ცენტრალური ბანკი, კიდევ უფრო დაშორდება საბოლოო მიზანს - ინფლაციის 2 პროცენტამდე გაზრდას. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ დრაგი არ ჩქარობს QE-ს დასრულებას. თუ ჯექსონ ჰოულში ის სტიმულირების პროგრამის გაგრძელებას ახსენებს, ამან შესაძლოა ევროს ვარდნა გამოიწვიოს.