ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს სომხური მხარეც დაეხმარება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სომხეთმა საქართველოს დასახმარებლად 13 ერთეული სახანძრო–სამაშველო ტექნიკა, აქედან 4 მაღალი გამავლობის მანქანა გამოყო. მათივე ინფორმაციით, სამუშაოებში სომხეთიდან 65 მეხანძრე–მაშველი ჩაერთვება.
შსს-ს ინფორმაციით, სომხეთიდან სამაშველო ძალებმა საზღვარი უკვე გადმოკვეთეს და საქართველოში იმყოფებიან.
საქართველოს დასახმარებლად სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულები არიან სხვა სახელმწიფოებიც. როგორც ცნობილია, უკვე ბორჯომის ხეობაშია ორი თურქული ვერტმფრენი. ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში ჯამში 5 ვერტმფრენი მუშაობს, საიდანაც დანარჩენი 2 ქართული, 1 კი აზერბაიჯანულია. ვერტმფრენი გამოგზავნა ბელარუსმაც, თუმცა როდის იქნება ის ბორჯომის ხეობაში, ჯერჯერობით უცნობია.