ბელორუსის კუთვნილ სახანძრო ვერტმფრენს ბორჯომის ხეობაში უახლოეს ხანში ელოდებიან. როგორც საგანგებო შტაბში განაცხადეს, ვერტმფრენი უკვე კოპიტნარის აეროპორტშია.
„ბელორუსიდან გამოგზავნილი МИ-26 უკვე კოპიტნარშია. ის ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მალე ჩაერთვება“, - განაცხადეს შტაბში.
თავის მხრივ, „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ვერტმფრენი ტვირთამწეობით მსოფლიოში ყველაზე დიდია.
როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს დავალებით, საქართველოში ბელორუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი სახანძრო ვერტმფრენი МИ-26, ბორტზე მყოფ 10 მაშველთან ერთად გამოფრინდა.