უძრავი ქონების სპეციალისტთა მოსაზრებით, ბოლო წლებში, სამშენებლო კომპანიების 20-25% გაკოტრდა, თუმცა ისინი ვარაუდობენ, რომ გაღარიბებული კომპანიების რიცხვი უფრო მეტია.
ამ კომპანიებმა ვერ დაძლიეს 2008 წლის ომით და ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული პრობლემები და კლიენტების წინაშე აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულეს. ათეულობით ფირმის დასახელება შეიძლება, რომელმაც საქართველოში უამრავი ადამიანი დააზარალა. ბოლო ხანებში ყველაზე სკანდალური „ცენტრ პოინტის“ საქმე იყო, რომელსაც „ბაგები სითი ჯგუფიs“ გაკოტრებაც მოჰყვა. სამართალდამცავ ორგანოებში სამშენებლო კომპანიების მიერ დაზარალებულთა უამრავი საჩივარია შესული და მათ საქმეებზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.
„საქართველოს მშენებელთა ლიგის“ თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში უფრო მეტი გაღარიბებული კომპანიაა, ვიდრე ოფიციალურად არის აღრიცხული.
„ჩემი აზრით, 20-25% მიახლოებითი ციფრია და გაკოტრებული კომპანიების რაოდენობა გაცილებით მეტია: ზოგი გაკოტრების პროცესშია და ეს ოფიციალურად არ გაუცხადებია, ზოგი კი - ელოდება, რომ მდგომარეობას გაიუმჯობესებს. ჩემი აზრით, სამშენებლო ფირმების უმრავლესობა ისედაც გაკოტრებულია, რადგან ისინი უხარისხოდ აშენებენ. რა თქმა უნდა, 2008 წლის ომმა და მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ქართულ სამშენებლო სექტორზე ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა, მაგრამ სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზებიც არსებობს: პირველი მათი არაპროფესიონალიზმია. კბილის ექიმი, ან გინეკოლოგი რომ სახლს ააშენებს, იქ რომელ ხარისხზე უნდა ვილაპარაკოთ? თუ ასეა, მე პროფესიით მშენებელი ვარ და მომცენ უფლება, რომ ოპერაციები ვაკეთო. სწორედ ამის ბრალია, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში აშენებული და მერიის მიერ ექსპლუატაციაში მიღებული საცხოვრებელი კორპუსების უმეტესობა უკვე დაიბზარა, ამ ბინების მყიდველი კი - მოტყუებული დარჩა“, - აღნიშნავს ანზორ საკანდელიძე.
მისი შეფასებით, კომპანიები, რომლებიც არსებობენ და საქმიანობას აგრძელებენ, ამას მხოლოდ დაბალი ხარისხის ხარჯზე ახერხებენ.
„როცა შემოწმებები დაიწყება და გაირკვევა, ვინ რა ააშენა, ან რა გააკეთა, თითქმის ყველა კომპანია გაკოტრდება მათ მიერ შექმნილი წუნდებული პროდუქციის გამო და აღებული ფული უკან დასაბრუნებელი გაუხდებათ“, - აღნიშნავს ის.
„საქართველოს მშენებელთა ლიგის“ თავმჯდომარე ზოგიერთი სამშენებლო ფირმის გაღარიბებას სხვა ფაქტორებითაც ხსნის.
„უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს სამშენებლო სექტორისთვის საგადასახადო ტვირთი ძალიან მძიმეა. ამ კომპანიებს უზარმაზარი გადასახადები აქვთ, რაც მათ საქმიანობაზე უარყოფითად აისახება. მთელ მსოფლიოში მიღებულია, რომ მცირე ბიზნესმა ნაკლები გადასახადი უნდა გადაიხადოს, ჩვენთან კი, ასე არ ხდება, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს მცირე კომპანიებზე. გარდა ამისა, საქართველოში არის ტრადიცია, რომ ხელისუფლებასთან და ბანკებთან დაახლოებული კომპანიები პრივილეგიებით სარგებლობენ, მცირე სამშენებლო ფირმები მათ კონკურენციას ვერ უწევენ და ჩერდებიან, ხოლო მათი კლიენტები უბინაოდ რჩებიან. მართალია, ბოლო ხანებში ყველაფერი გამკაცრდა და და ბანკებს აღარა აქვთ უფლება მშენებლობა აწარმოონ, მაგრამ მსხვილი კომპანიები ფარულად მაინც ამ პრინციპით მუშაობენ, მცირე კომპანიები კი, იძირებიან“, - ამბობს ანზორ საკანდელიძე.
უძრავი ქონების სფეროს ექპერტი შოთა გუჯაბიძე მიიჩნევს, რომ ამ ბაზარზე გადარჩევა მიმდინარეობს - სუსტი კომპანიები ასპარეზს ტოვებენ, ხოლო ძლიერები რჩებიან და პოზიციებს ინარჩუნებენ, თუმცა გაკოტრებასაც აქვს თავისი მიზეზები.
„რამ გააღარიბა სამშენებლო კომპანიების ნაწილი? - პირველ რიგში გაუთვალსიწინებელი ვალდებულებების აღებამ და არასწორმა დეველოპმენტმა: ბევრს ჰგონია, თუ ბანკიდან ფულს აიღებს და კორპუსს ააშენებს, მერე ყველა ბინას უცბად გაყიდის და სოლიდური მოგება დარჩება. ეს ასე შაბლონურად არ ხდება. ამ საქმეს დიდი დაფიქრება და თითოეული წვრილმანის გათვალისწინება სჭირდება. ძალიან ბევრი კომპანიის წარმომადგენელს მშენებლობაში არანაირი გამოცდილება არა აქვს და მაინც ცდილობს აშენოს. გაკოტრებული კომპანიების დიდი შეცდომა იყო „ჰაერის გაყიდვაც“ - როდესაც მშენებელი ყიდის იმას, რაც არ არსებობს, დიდ რისკზე მიდის, რადგან კომპანია მარტო ბინების გაყიდვაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, მით უმეტეს, რომ ჩვენი მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა დაბალია, ამას ემატება ეკონომიკური შოკებით გამოწვეული პრობლემები, ვალუტის კურსის მკვეთრი ცვალებადობა და სხვა ფაქტორები, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს... ეს ყველაფერი ერთად, კომპანიის გაღარიბებას და გაკოტრებას იწვევს“, - ამბობს შოთა გუჯაბიძე.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს უსიამოვნო პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ბაზარი რამდენიმე დღეში, ან თვეში სახეს ვერ შეიცვლის.
„ მიუხედავად ამისა, ყველაფერი უკეთესობისკენ უნდა წავიდეს, რადგან სამშენებლო სექტორი წინსვლისა და განვითარებისკენ არის მიმართული. ბოლო ხანებში ძალიან კარგი ტენდენციაა საბანკო გარანტიით მშენებლობა, როცა ბანკი გიდგება გარანტორად, რომ შენი ობიექტი დასრულდება. რა ეშველება გაკოტრებული კომპანიების კლიენტებს და ვინ შეასრულებს შეუსრულებელ ვალდებულებებს? - ეს ძალიან რთული საკითხია. ალბათ უნდა მოხერხდეს ამ ობიექტების რეინვესტირება, სუბსიდირება და ხელშეწყობა, თუმცა ძნელია პოტენციური ინვესტორი დაარწმუნო, რომ წაგებულ ობიექტში ფული ჩადოს“, - აცხადებს შოთა გუჯაბიძე.
ხათუნა ჩიგოგიძე