კომპანია „სითი პარკს“, რომელიც თბილისში პარკირების დარეგულირებაზე ექსკლუზიურ უფლებას ფლობს, სასამართლო დავა კიდევ ერთმა მოქალაქემ, ნინო მგელაძემ მოუგო.
როგორც მისმა ადვოკატმა გიორგი ღვინიაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, საერთო თანხა ჯამში 16 ათას ლარს აღემატებოდა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს 1 წლის განმავლობაში დაროვებული 102 – 10 ლარიანი საჯარიმო ქვითარი დაგვიანებით ჩაბარდა. რასაც 150 ლარის ოდენობის საურავები ემატებოდა. საერთო თანხამ ჯამში 16 ათას ლარს გადააჭარბა. სარჩელით სასამართლოს მიმდინარე წლის იანვარში მივმართეთ, 7 თვიანი ბრძოლის შემდეგ კი სასამართლო პროცესი სრულად მოვიგეთ და ნინო მგელაძეს მხოლოდ 420 ლარის გადახდა მოუწია,“-აღნიშნა ადვოკატმა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში „სითი პარკს“ სასამართლო დავა კიდევ სამმა მოქალაქემ გიგი ტუღუშმა, კონსტანტინე ჩიქოვანმა და თამარ სვანიძემ მოუგეს. ჩიქოვანის შემთხვევაში დაახლოებით, 7 ათას ლარზე იყო საუბარი, სვანიძის შემთხვევაში დაახლოებით 300 ლარამდე, ხოლო ტუღუშის შემთხვევაში თანხა 11 ათას ლარს აღემატებოდა.
კომპანია „სითი პარკი“ თითქმის ათი წელია თბილისში პარკირების დარეგულირებაზე ექსკლუზიურ უფლებას ფლობს.