ერთი წლის განმავლობაში შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით 70 ახალი საწარმო დაფინანსდა

სასტუმრო ,,რედისონში", სოფლის მეურნეობის სამინისტოსა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა პროექტის ერთი წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში საფინანსო ინსტიტუტების, არასამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს წარუდგინეს.

სამინისტროს ცნობით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, რომელშიც ჩართულია 13 ბანკი, 2 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და 2 სალიზინგო კომპანია, უკვე ერთი წელია წარმატებით მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონში, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში, უკევე გაცემულია 318 მილიონი ლარის 14 ათასი შეღავათიანი აგროკრედიტი. პროექტის ერთი წლის წარმატებული საქმიანობის შედეგად, დაფინანსდა 70 ახალი საწარმო და 400-ზე მეტი უკვე არსებული საწარმოს გაფართოება/გადაიარაღება.

2014 წლის 4 აპრილის მონაცემებით:

I კომპონენტში გაცემულია 1 837 478 ლარის 4 309 სასაქონლო განვადება.

II კომპონენტში გაცემულია 168 644 280 ლარის ოდენობის 9 258 შეღავათიანი აგროკრედიტი.

III კომპონენტში გაცემულია 96 991 211 ლარის 482 შეღავათიანი აგროკრედიტი.

V კომპონენტით, 2013 წლის რთველის პერიოდში, ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა ყურძნის შესაძენად ისარგებლეს. ამ მიზნით, სამინისტროს ცნობით, გაცემულია 49 625 810 ლარის 48 სესხი.

"შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი" სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეიმუშავა და მას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლის 27 მარტიდან ახორციელებს.

,,დღეს ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას. ხელისუფლება ყველა მიმართულებით ახორციელებს ისეთ სისტემურ ცვლილებებს, რამაც ქვეყნის ეფექტიანი განვითარება უნდა უზრუნველყოს. სოფლის მეურნეობის დარგმა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითრებაში ერთ-ერთი მთავარი როლი უნდა შეასრულოს. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად გამოაცხადა და არაერთი პროექტი შეიმუშავა დარგის მაქსიმალურად სწრაფად და სწორად განვითარებისთვის. აგროსექტორით საბანკო სისტემის დაინტერესება და მათი პროექტში ჩართვა, ვფიქრობ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მიღწევაა, რამაც სოფლის მეურნეობის დარგის განვითრებისთვის გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს", - განაცხადა დღეს გამართულ პრეზენტაციაზე შალვა ფიფიამ.

იაფი აგროკრედიტის პროექტი, რომელიც მორგებულია სოფლის მეურნეობის სფეროს საჭიროებებზე, თავდაპირველად შედგებოდა სამი კომპონენტისგან: უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადება) მცირე ფერმერებისთვის; შეღავათიანი აგრო კრედიტი საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის; შეღავათიანი აგრო კრედიტი სასოფლო - სამეურნეო საწარმოებისთვის. ერთი წლის მანძილზე, ფერმერთა და მეწარმეთა მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად, პროექტი დაიხვეწა და დაემატა სხვა კომპონენტები: შეღავათიანი აგროლიზინგი; შეღავათიანი აგროკრედიტი ყურძნის გადამამუშავებელი კომპანიებისათვის; შეღავათიანი აგროკრედიტი ციტრუსის ექსპორტიორი და გადამამუშავებელი კომპანიებისათვის; შეღავათიანი აგროკრედიტი თანმხვედრი გრანტით დაფინანსებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის.

საერთო ჯამში, ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" შვიდივე კომპონენტი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფას ემსახურება.