რუსეთში აშშ-ს საელჩოში განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქეებს ამერიკული ვიზის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ ნებისმიერ სხვა ქვეყანას, სადაც ვიზების განხილვის პერიოდი ნაკლებია, ვიდრე მოსკოვში.
აღნიშნულის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.
„საკონსულოს თანამშრომელი ვიზებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებს, აშშ-ს კანონმდებლობის შესაბამისად. აშშ-ს კანონი ხელს არ უშლის რუსეთის მოქალაქეებს ვიზაზე საბუთები სხვა ქვეყანაში შეიტანონ“, - განმარტეს აშშ-ს საელჩოში.
არაიმიგრაციული ვიზებზე გასაუბრების მოლოდინის პერიოდი კიევში 4 დღეს შეადგენს, თბილისში - 8 დღეს, პეკინში- 4 დღეს, ასტანაში -23 დღეს.
როგორც ცნობილი გახდა, რუსეთის მოქალაქეებისათვის სატურისტო და ბიზნეს ვიზებზე მოლოდინის პერიოდი 85 კალენდარულ დღეს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ დღეიდან რუსეთის ტერიტორიაზე აშშ-მ ვიზების გაცემის პროცედურა შეაჩერა. აღნიშნული პროცედურა 1-ელ სექტემბერს განახლდება მხოლოდ მოსკოვში მდებარე აშშ-ს საელჩოში. რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე აშშ-ს საკონსულოები კი განუსაზღვრელი დროით შეაჩერებენ ვიზების გაცემას.