გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის და წყლის გადასახადი - რას გულისხმობს ტარიფების კორექტირება

საქართველოს მოსახლეობა ელექტროენერგიის გაძვირების მოლოდინშია, რადგან 2018 წლიდან დენის ახალი ტარიფები უნდა დადგინდეს.

ეს ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით მოხდება, რომელიც „სემეკმა“ უკვე დაამტკიცა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიძლება წყლის გადასახადიც გაიზარდოს. ახალი ტარიფები 2018 წლის 1 იანვრიდან დადგინდება, მინიმუმ 3 წლით შევა ძალაში და აღარ შეიცვლება. საზოგადოება ინტერესით ადევნებს თვალს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია: ამჟამინდელ ტარიფებს გაზრდის, თუ ძალაში დატოვებს. ამ საკითხის შეფასება ენერგოომბუდსმენ სალომე ვარდიაშვილს ვთხოვეთ:

- ქალბატონო სალომე, ლაპარაკია ტარიფის კორექტირებაზე - „კორექტირება“ თავისთავად ხომ არ ნიშნავს გაძვირებას?

- საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ტარიფის კორექტირების მიზნით უკვე დაწყებულია სს „თელასისთვის“, რომელიც დედაქალაქს ამარაგებს ელექტროენერგიით. ტარიფის კორექტირება მხოლოდ მსჯელობის და სერიოზული განხილვის შემდეგ იქნება შესაძლებელი, მაგრამ კორექტირება სულაც არ გულისმხობს რომ ელექტროენერგია აუცილებლად გაძვირდება, ან პირიქით - შემცირდება - ეს არის მეთოდოლოგიით განსაზღვრული ქმედება, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. გაძვირდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი? - ამჟამად არანაირი პროგნოზი სწორი არ იქნება, სულ ერთია, ვინ გააკეთებას ამ პროგნოზს - ენერგოომბუდსმენი თუ ამ დარგის სპეციალისტი, თუმცა დანამდვილებით გეტყვით, რომ ენერგოომბუდსმენის აპარატი ჩართულია სამუშაო პროცესში. ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს ტარიფების შემუშავების პროცესს და ჩვენი, კონკრეტული რეკომენდაციებიც გვექნება.

- რამდენად გამჭვირვალე იქნება ეს პროცესი?

- ვეცდებით ყველაფერი მაქსიმალურად გამჭვირვალე გავხადოთ. უფრო მეტიც, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მოვუწოდებ, თავისი მოსაზრებები გაგვაცნოს, ოღონდ, ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც ამ დარგში სათანადო ცოდნა და გამოცდილება აქვს. მზად ვარ ერთად ვიმუშაოთ და ნებისმიერი მოქალაქის წინადადებები წარვუდგინო „სემეკს“. სულ რამდენიმე დღეა, რაც ადმინისტრაციული წარმოება გაიხსნა. საბოლოო გადაწყვეტილება დეკემბერში გახდება ცნობილი და იმედია, ეს ოპტიმალური, ყველა მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილება იქნება.

- მოსახლოება შიშობს, რომ გაზის ტარიფის მსგავსად, ელექტროენერგიის ტარიფიც მოიმატებს, რამდენად საფუძვლიანია ეს მოლოდინი?

- ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით ტარიფი არ შეიძლება იყოს მუდმივი, ის უნდა იყოს  მოქნილი და გადახედვას ექვემდებარებოდეს. მეთოდოლოგიაში კონკრეტული ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც ეს სამწლიანი პერიოდი იქნება, ნაცვლად ერთი წლისა. კერძო კომპანია მოგებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, მაგრამ მარეგულირებელი კომისიის როლი ენერგოსექტორში ძალიან დიდია. მარეგულირებელი კომისია არის უწყება, რომელიც ტარიფებს ითვლის, ამიტომ, აქ მარტო კომპანიის ინტერესები არ იქნება გათვალისწინებული. ამის უფლებას არც ჩვენ მივცემთ და არც კომისიაა დაინტერესებული ვინმეს მხარე დაიჭიროს. შესაძლოა კომპანიას ჰქონდეს ტარიფის გაზრდის სურვილი და ასეთი შიში მოსახლეობაშიც არსებობდეს, მაგრამ მთავარი მაინც „სემეკის“ გადაწყვეტილებაა.

- წყლის გადასახადიც გაძვირდება?

- „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ სატარიფო განაცხადი შემოტანილი აქვს, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოება ჯერ არ არის დაწყებული. GWP მომხმარებელს ცუდ სერვისს აწვდის, გვესმის, რომ კომპანიაში რეაბილიტაციის პროცესია დაწყებული და ეს ძალიან კარგი პროცესია, უბრალოდ, ჩვენ ამ კომპანიას მოვუწოდებთ გონივრული გრაფიკები დაადგინოს, რომ მომხმარებელი წარამარა წყალმომარაგების შეწყვეტით არ გაწამდეს. დაიწყება თუ არა საჯარო-ადმინისტრაციული წარმოება GWP-ის განაცხადზე, ეს ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია.

- ხომ არ შეიცვლება სისტემა, რომლის მიხედვითაც შუქის, წყლისა და დასუფთავების გადასახადი ერთმანეთზეა მიბმული?

- ერთიანი რეგისტრირება თბილისის მასშტაბით უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს - ელექტროენერგიის, დასუფთავების და წყლის გადასახადი ერთმანეთზეა მიბმული, თუმცა მათი ტარიფები ცალ-ცალკე დგინდება. რეკომენდაცია, რომ დენის, წყლის და დასუფთავების გადასახადი გაიყოს, ჩვენ ჯერჯერობით არა გვაქვს, რადგან თავის დროზე ამ გაერთიანებას თავისი მიზანი ჰქონდა და გაამართლა: საქმე ის არის, რომ მომხმარებლები უგულვებელყოფდნენ დასუფთავების და წყლის გადასახადს, ახლა კი, ეს გადასახადებიც პრიორიტეტი გახდა. ერთიანი რეგისტრირების სისტემის შეცვლაზე ჩვენ ინფორმაცია არა გვაქვს. რაც შეეხება ტარიფებს, „სემეკის“ საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში შევიტყობთ.

ხათუნა ჩიგოგიძე