რაჭაში „ლუხუნი 2“ ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად აუქციონი გამოცხადდება

შპს „რუსთავი ჯგუფი”, რომელიც რაჭაში ჰიდროელექტროსადგურის „ლუხუნი 2“-ის მშენებლობას ახორციელებდა 53,500 ამერიკული დოლარით დაჯარიმდა.აღნიშნულის შესახებ, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის 11 აგვისტოს განკარგულებაშია ნათქვამი.

განკარგულების თანახმად, კომპანიის დაჯარიმების მიზეზი მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის პირობების დარღვევა გახდა. ამასთან, როგორც განკარგულებაში ვკითხულობთ, „ლუხუნი 2“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ღია აუქციონი გამოცხადდება.

„ლუხუნი 2“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელებაში საპარტნიორო ფონდი მონაწილეობს. 2009 წლის 27 ივლისს საქართველოს მთავრობასა და შპს „რუსმეტალს” შორის დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე ლუხუნის ხეობაში 3 მცირე მოცულობის ჰესის, მათ შორის „ლუხუნი 2“-ის მშენებლობა დაიგეგმა. თუმცა, მოგვიანებით, ფინანსური სახსრების არარსებობის გამო შპს „რუსმეტალმა” „ლუხუნი 1” და „ლუხუნი 3” პროექტები სახელმწიფოს საკუთრებაში დააბრუნა.

რაც შეეხება, „ლუხუნი 2” ის პროექტს, რადგან მისი სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებული იყო, აღნიშნული პროექტი სახელმწიფოს ვერ დაუბრუნდა. თუმცა, 2015 წელს მთავრობას, „რუსმეტალსა“ და „რუსთავი ჯგუფს“ შორის დადებული მემორანდუმის თანახმად, პროექტის განხორციელება შპს „რუსმეტალის” მიერ დაარსებულ შპს „რუსთავი ჯგუფს” დაეკისრა.

ჰიდროელექტროსადგურის „ლუხუნი 2“-ის სიმძლავრე 17 მეგავატია, პროექტის საინვესტიციო მოცულობა კი დაახლოებით, 26 მილიონი დოლარია. ხოლო ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღად 2018 წლის სექტემბერი იყო განსაზღვრული.