ნორვეგიის ჩრდილოეთში მდებარე პატარა ქალაქ ბალანგენში მსოფლიოს ყველაზე დიდი მონაცემთა ცენტრი აშენდება.
აღსანიშნავია, რომ ეს ქალაქი „არქტიკულ წრეშია“ მოქცეული.
ამერიკულ-ნორვეგიულმა კომპანია Kolos-მა განაცხადა, რომ მათ უკვე მოიძიეს რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია ნორვეგიული კომპანიებისგან, თუმცა პროექტის განსახორციელებლად ჯერ კიდევ ელოდებიან პასუხს ამერიკელი ინვესტორებისგან.
ცენტრის ნაგებობა 600,000 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და ოთხ-სართულიანი იქნება.
პროექტის ავტორი კომპანია Kolos აცხადებს, რომ შენობა სადაც მონაცემთა ცენტრი განთავსდება, თანამედროვე სტანდარტების იქნება და ადგილზე განთავსებული ქარისა და ჰიდრორესურსების გამოყენებით მაქისმალურად შეამცირებს ამ ცენტრის ფუნქციონირებისთვის საჭირო ენერგოდანახარჯებს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცენტრის ფუქნციონირებისთვის თავდაპირველად საჭირო იქნება 70 მეგავატი ენერგია, თუმცა დაახლოებით ათი წლის შემდეგ, როდესაც კომპანია მაქსიმალური რაოდენობის კომპიუტერულ სერვერებს განათავსებს, მისი ენერგომოხმარება 1000 მეგავატამდე გაიზრდება. ამ რაოდენობის ენერგიას კი ამ დროისთვის შტატ ვირჯინიაში მოქმედი კომპანია „ამაზონის“ სერვერები მოიხმარს, თუმცა ისინი ერთ ადგილას არ არის თავმოყრილი. „ფეისბუქის“ დატა ცენტრი კი, რომელიც ამ ნორვეგიული ქალაქიდან 385კილომეტრის მოშორებით შვედეთში მდებარეობს, მხოლოდ 120 მეგავატ ენერგიას მოიხმარს.
კოკა კვირკველია