დღეს ნავთობის ფასის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი აშშ-ის ნავთობის და ბენზინის მარაგები გახდა.
ქვეყნის ენერგიის ინფორმაციის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ყოველკვირეული სტატისტიკით, ქვეყანაში ნედლი ნავთობის მარაგი 3.33 მილიონი ბარელით შემცირდა. კლება მოსალოდნელზე ნაკლებია, რასაც კვლავ ნავთობზე ფასის კლება უნდა მოჰყოლოდა. თუმცა ეს არ მოხდა, რადგან წინა დღისგან განსხვავებით, ბენზინის მარაგის კლება (1.22 მილიონი ბარელით) დაფიქსირდა.
აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე 47.99 დოლარამდე გაიზარდა, "ბრენტის" მარკის ნავთობის ფასმა კი ბარელზე 52.19 დოლარს მიაღწია.
ლიბიის უდიდესი, შარარას საბადო გაჩერებული იყო და გუშინ ამოქმედდა. თუმცა ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობის გამო, ნავთობის მოპოვებასა და მიწოდებაში ჩავარდნებია მოსალოდნელი, რაც პერიოდულად, ნავთობის საერთაშორისო ფასებზეც აისახება. შარარას საბადოს დღიური მოპოვების მოცულობამ 280 000 ბარელს მიაღწია. მაგრამ ამ კვირის დასაწყისში მისი გაჩერება გახდა საჭირო, რაც ნავთობსადენის ბლოკადამ გამოიწვია. ცნობისათვის, შარარას გაჩერებამდე, ლიბიის მიერ ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე მიწოდების მოცულობა დღეში მილიონი ბარელი იყო.
ლიბიის მზარდი მოპოვება-მიწოდება ნამდვილი პრობლემაა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანზაციისთვის (OPEC), რომლებიც მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, გლობალურ ბაზარს 1.8 მილიონ ბარელ ნავთობს აკლებენ. ამგვარად ისინი გლობალურ ბაზარზე, მიწოდების სიჭარბის დაბალანსებას ცდილობენ. ლიბია ამ შეთანხმებაში არ მონაწილეობს, რაც OPEC-ის მცდელობას აბათილებს.
მიწოდების შეზღუდვის საკითხზე, OPEC-ის მონაწილე და არაწევრი ქვეყნების მორიგი შეხვედრა 22 სექტემბერს გაიმართება.