იმერეთში პირველი სოციალური კაფე „ბამბუკები" გაიხსნა

იმერეთში, პრომეთეს მღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობებეის მქონე პირთათვის ადაპტირებული სოციალური კაფე გაიხსნა.

ეს პირველი ტურისტული სეზონია, რაც "ბამბუკები" მომხმარებელს ემსახურება, თუმცა ადგილობრივ მოსახლეობასა და დაცული ტერიტორიების დამთვალიერებლებს შორის საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სოციალური კაფე პროფესიით იურისტმა, მერაბ ქვარიანმა გახსნა. ქვარიანი თავადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. 2006 წელს გადატანილი რამდენიმე მძიმე ოპერაციის შემდეგ, მერაბის მთავარ საზრუნავად შშმ პირთა დახმარება და მათთვის ადაპტირებული, მოსახერხებელი გარემოს შექმნა იქცა. მის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს დასაქმებაში ეხმარება.

სოციალური კაფე „ბამბუკები“ მომხმარებლებს ქართული სამზარეულოს სრული ასორტიმენტით უმასპინძლდება. კაფეში დასაქმებული 5 ადამიანიდან კი ორი შშმ პირია.

„სამსახურის დაწყების სურვილი კიდევ ბევრს აქვს, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენი კაფე მცირე მასშტაბებზეა გათვლილი. ერთდროულად მაქსიმუმ 50 ადამიანის მიღება შეგვიძლია. ვაპირებთ გაფართოვებას და კაფეში კიდევ დავასაქმებთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს“, - ამბობს მერაბ ქვარიანი.

პრომეთეს მღვიმეში აქტიური ტურისტული სეზონი ადრე გაზაფხულიდან იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. თუმცა, მღვიმე სტუმრებს მთელი წლის განმავლობაში ემსახურება. როგორც მერაბ ქვარიანი აღნიშნავს, სოციალური კაფის გახსნის მთავარი მიზანი მღვიმის სტუმრებისთვის სრულფასოვანი მომსახურების შეთავაზება იყო.

„იმერეთში ძალიან ცოტა ადგილია, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანს ნორმალური მომსახურების მიღების შესაძლებლობა ექნება. მათთვის გარემო ადაპტირებული არ არის. გასულ წელს აზერბაიჯანელი და სომეხი სტუმრები მყავდა. ისინიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები იყვნენ და წყალტუბოში სამკურნალოდ ჩამოვიდნენ. თუმცა ვერ ნახეს ადგილი, სადაც საჭმელად შესულს ელემენტარული პანდუსი დახვდებოდათ. სწორედ მაშინ გამიჩნდა იდეა, გამეხსნა შშმ პირთათვის ადაპტირებული კაფე“, - ამბობს მერაბ ქვარიანი.

ახლო მომავალში ქვარიანი სოციალური კაფის მიმდებარე ტერიტორიაზე კოტეჯების განთავსებას აპირებს. კოტეჯებიც შშმ პირთათვის ადაპტიირებული იქნება. მოეწყობა პანდუსები და შესაბამისი სველი წერტილები.

სოციალური კაფე „თიბისი ბანკის“ ბიზნესდაჯილდოების ორი ნომინაციის წლის სტარტაპერის და წლის მცირე ბიზნესის ნომინაციაშია წარდგენილი. მერაბ ქვარიანის თქმით, პროექტში მონაწილეობა მისი მცირე ბიზნესის მომავალი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქვარიანს ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვების იმედი აქვს.

„ეს პროექტი ხელს უწყობს დამწყები ბიზნესის განვითარებას. ჩვენთვის დიდი სტიმულის მომცემია ამ პროექტში მონაწილეობა. „თიბისი ბანკი“ სოციალური პროექტებით ისედაც გამორჩეულია ქართულ ბიზნეს სექტორში და ვფიქრობ, ბიზნესდაჯილდოება მათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა“, - აღნიშნავს მერაბ ქვარიანი.

ქრისტინე გამთენაძე