აქციზის ზრდის მიუხედავად, მიმდინარე წლის იანვარი-ივლისში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში ნავთობი და ნავთობპროდუქტები უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი იყო და მისი იმპორტი 48 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.
კერძოდ, გასულ თვეებში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტმა 355 მილიონი დოლარი შეადგინა; 2016 წლის იანვარი-ივლისში კი ეს მონაცემი 307 მილიონი დოლარი იყო.
2017 წლის იანვრიდან ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა. კერძოდ, ერთი ტონა ბენზინის აქციზი 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა, ერთი ტონა დიზელის საწვავის - 150 ლარიდან 400 ლარამდე, ხოლო ერთი ტონა ძრავის ზეთი - 400 ლარიდან 800 ლარამდე გაიზარდა. გაიზარდა ასევე 1000 მ3 გათხევადებული ბუნებრივი აირის აქციზი და 80 ლარის ნაცვლად 200 ლარი გახდა.