არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 1-ლი აგვისტოსთვის 16.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა

1-ლი აგვისტოსთვის საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 1 ივლისისთვის არსებულ მაჩვენებელთან შედარებით, 97.5 მილიონი ლარით ანუ 0.6%-ით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.8%-ით) გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 1-ლი აგვისტოსათვის 16.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

სებ-ის ინფორმაციით, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 302.7 მილიონი ლარით ანუ 3.4%-ით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი გაიზარდა 3.6 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 205.1 მილიონი ლარით, ანუ 2.6%-ით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე შემცირდა 2.5 პროცენტით) შემცირდა.

„მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსთვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 34.49%-ი შეადგინა. პირველი ივლისის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 1.97 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.3 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.3 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.0 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.8 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 12.2 პროცენტი შეადგინა,“- ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.