უკვე თითქმის ორი კვირაა „საქართველოს რკინიგზის“ წინააღმდეგ აქციები მიმდინარეობს.
რკინიგზაში ვარაუდობენ, რომ პროცესები მართულია და პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.
„საქართველოს რკინიგზის“ წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს რეჟისორი გოგა ხაინდრავა აფასებს.
- ირაკლი პეტრიაშვილის ქმედებებით შესაბამისი ინსტიტუტები უნდა დაინტერესდნენ. სამშობლო იწვის, ქვეყანაში ხანძრის 30 კერაა გაჩენილი... ვფიქრობ, ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ეს ზუსტად ის დაანონსებული ცხელი ზაფხულია, რომელითაც, პირდაპირი გაგებით, ქვეყნის მტრები დაგვემუქრენ! როდესაც მთელი ქვეყანა, ყველა პატიოსანი მოქალაქე, ათასობით მაშველი, მეხანძრე, პოლიციელი, რკინიგზელი, ჯარისკაცი იბრძვის, რომ ბორჯომის ხეობა, ქვეყანა გადაარჩინოს ამ უბედურებისგან, პროვოკატორთა ჯგუფი, სააკაშვილის „შნირი“, პროფკავშირების სავარძელში ზონდერების მიერ, იარაღით ჩასმული პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით ცდილობს რკინიგზის პარალიზებას. გუშინ რკინიგზაში შეჭრის მცდელობა ჰქონდათ. კარგი დროა არჩეული... ის არის დივერსანტი, ისეთივე როგორც ისინი, ვინც ტყეებში „შემთხვევით“ ბენზინის ავზები დატოვეს. ეს არის დივერსია, ეს არის ქვეყნის მტრობა. ჩემთვის ეს არის კრიმინალი. სუბიექტი, რომელიც 14 წელია ქართველი ხალხის სისხლს წოვს. ახლა შანტაჟით ცდილობს ნაძალადევი კეთილდღეობა კიდევ 6 წლით გაიხანგრძლივოს... ვინმე გიორგი კანდელაკის კლონი მგონია, რომელიც საკუთარი ქვეყნის ცილისწამებით არის გამორჩეული. ყველას გვახსოვს, როგორ ცდილობდა, რომ საქართველოსთვის არ მიეცათ ევროპაში თავისუფალი სავიზო რეჟიმი, ზუსტად იგივე ხელწერაა. დღეს პეტრიაშვილი ცილისწამებით ემუქრება ქართველ ხალხს, საქართველოს მთავრობას, ძალადობით და შანტაჟით ცდილობს საკუთარი ადგილის შენარჩუნებას. თუ მას ჰგონია, რომ არ ვიცით, რომელ უწყებებში, რაზე აწერდა ხელს, სცდება! ვიცით... სამწუხაროდ, არის მცდელობა მიგვავიწყონ, ვინ რას წარმოადგენს... ის ცდილობს გაიოცწლედოს თავისი ყოფნა ქერის ორმოში, რომელიც მოიწყო და ისევე, როგორც მისი ბელადი მზად არის ამისთვის ქვეყანა გადაბუგოს, რკინიგზა გააჩეროს, ოღონდ საკუთარი კეთილდღეობა შეინარჩუნოს.
„ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ნაირნაირი ნიღბით ახერხებს პოლიტიკაში დარჩენას, - მის მიერ დატოვებული გომბეშოები, სხვადასხვა თბილ ადგილებში მოკალათებულები, ცდილობენ ფინანსური წყაროების შენარჩუნებას. ოცნებობენ როგორმე დააბრუნონ “ მაწანწალა“, რომელიც მსოფლიოში დაძრწის და სამშობლოდ სხვა და სხვა ქვეყანებს ასაღებს, თანაც ყველგან ცეცხლის გაჩენას ცდილობს.
იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიოს საზოგადოება მიყურადებულია, თუ რა მოხდება საქართველოს გულში, ბორჯომის ხეობაში, სადაც თითქმის ყველა ჩვენგანი, ჩვენი ბავშვებია გაზრდილი... ვის გინდა დააჯერო, რომ ასეთ განსაცდელში ადამიანები შიმშილობენ დაჩი ცაგურიას პრესმდივნობიდან გადადგომის მოთხოვნით. ასეთი პრეცენდენტი მსოფლიო პოლიტიკურ ისტორიას არ ახსოვს. ეს აბსურდიც კი აღარ არის. ეს გონებადაბნელებული სექტა ცდილობს შექმნას ახალ-ახალი ცეცხლის კერები, აქ დარჩენილი ნაგავის ხელით... დრო იხელთეს... მაგრამ მინდა იცოდნენ! ცეცხლსაც ჩავაქრობთ, კერებსაც მოვასუფთავებთ და მათ ადგილსაც მივუჩენთ სანაგვეზე.
- რას ურჩევდით საქართველოს რკინიგზას? კომპანიამ ხომ არ უნდა მიმართოს უფრო მკვეთრ გადაწყვეტილებას?
- კომპანიამ, პოლიციამ, საზოგადოებამ ყველამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები ამ დაუფარავ ბოროტებასთან მიმართებაში... გუშინ საქართველოს ბიზნესასოციაციამ განცხადება გაავრცელა. ეს ის ადამიანები არიან, ვინც საქართველოს ეკონომიკას, საქართველოს სასიცოცხლო არტერიას ანაყოფიერებს და საზოგადოების კეთილდღეობას უზრუნველყოფს. ასოციაციის წევრები მიმართავენ სახელმწიფოს, რათა უზრუნველყოს ქვეყანაში კანონი და წესრიგი. საქართველოს ეკონომიკის გულის ფეთქვას უზრუნველყოფს საქართველოს რკინიგზა და მას დივერსია ემუქრება, მის გაჩერებას ცდილობენ. გასაგებია, რომ მომენტი საგანგებოდ არის შერჩეული, როცა მთელი ყურადღება ბორჯომის ხეობისკენ არის გადატანილი და არამარტო საქართველოსი, არამედ ჩვენი მეგობარი ქვეყნებისაც. აზერბაიჯანმა, თურქეთმა, რომელსაც თვითონ ხანძარი აქვს, სამხრეთმა, ბელორუსმა თვითმფრინავი და ვერტმფრენები, მაშველები და მეხანძრეები გამოაგზავნა საქართველოში.წარმოიდგინეთ კომფლიქტის პირობებში მყოფი 2 ერის წარმომადგენლები ერთად, ხელდახელ იბრძვიან საქართველოში ცეცხლის ჩასაქრობად და ამ დროს პროვოკატორი პეტრიაშვილი ცდილობს ამ ცეცხლის გაღვივებას, ქართული ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას, საქართველოს რკინიგზაზე.
- რა შეიძლება მოჰყვეს რკინიგზის მუშაობის შეჩერებას?
- თავად განსაჯეთ! ეს კოლაბორაციონისტები ოღონდ მართვის სადავეეები უკან დაიბრუნონ, მზად არიან ქვეყანა გადაბუგონ. ხომ ვნახეთ გუშინ, „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში როგორ ინანა წამყვანმა ცეცხლის ჩაქრობა! ეს ხომ ყველამ გავიგეთ... ხანძრის ჩაქრობას ნანობს ეს ხალხი... მიუხედავად ამისა, მავანი დაჟინებით ცდილობს „რუსთავი 2“-ს თავისუფალ პრესად გასაღებას. გვარწმუნებენ, რომ „რუსთავი 2“-მა გადასახადები არ უნდა გადაიხადოს... ამას ვინ ჭამს? ინდიელებს აქვთ ანდაზა- თუ ადამიანი თავს იმძინარებს, იმას ვერ გააღვიძებო. ასეა - ზოგიერთები თუ თავს იმძინარებენ, მათ ვერაფერი გაგაღვიძებს.
- პასუხისმგებლობას ვის აკისრებთ და რამდენად ადეკვატურია სამართალდამცავების რეაგირება?
- პასუხისმგებლობა დივერსანტებზეა, რაც შეეხება სამართალდამცველებს, ისინი იმიტომ არსებობენ, რომ ეს მცდელობები აღკვეთონ. ბორჯომის ხეობაში ხანძართან ბრძოლა, ფაქტობრივად, მეორე 13 ივნისად იქცა. დღეს იქ ყოფნა და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ცეცხლთან ბრძოლა, ომში თავგანწირვის ტოლფასია, მაშველები, მეხანძრეები, რკინიგზელები, ჯარისკაცები თავდაუზოგავად ებრძვიან ხანძარს. იქააა მთელი ქვეყანა, არავინ დარჩა, ვინც არ შემოგვეხმიანა და დახმარების ხელი არ გამოგვიწოდა, დივერსანტების გარდა, რომელთაც ცეცხლის გაჩენა ახლა რკინიგზაზეც უნდათ... ვერ მივართმევთ!
- აქციის დროს არაერთხელ ახსენეს „საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურის უფროსის, დაჩი ცაგურიას სახელი და გვარი. აქციაზე ამბობენ, რომ ის უფლებამოსილებას ამეტებს. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
- დაჩი ცაგურია არის სამაგალითო კაცი, რომლის გადატეხვა სურდა იმ ბოროტ რეჯიმს და ვერ შეძლო. რასაც დღეს ბორჯომის ხეობაში აკეთებენ პოლიციელები, მეხანძრეები, ჯარისკაცები, იგივეს აკეთებდა საზოგადოების ინტერესების, ღირსების დასაცავად დაჩი ცაგურია. პეტრიაშვილი საერთოდ როგორ ბედავს დაჩია ცაგურიას სახელის ხსენებას? საზოგადოებამ კარგად იცის, რომ დაჩი საქართველოსთვის თავდადებული გულანთებული ახალგაზრდაა და ეს თავისი ცხოვრებით დაამტკიცა. დავუშვათ, ის ამეტებს თავის უფლებამოვალეობას - ეს არ არის პეტრიაშვილების გადასაწყვეტი. კომპანიას ჰყავს მმართველობა, ათასობით თანამშრომელი და თუ საჭირო გახდა, ისინი მიიღებენ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას.
მსოფლიოში არ არსებობს მსგავსი პრეცედენტი. შიმშილობა არის ნებაყოფლობითი თვითმკვლელობის მცდელობა და დედამიწაზე ვერავინ დამარწმუნებს, რომ ვიღაცას თავის მოკვლა სურს მხოლოდ იმიტომ, რომ დაჩი ცაგურია საქართველოს რკინიგზის პრესმდივანია. ეს აბსურდია!