შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი არის ლიკვიდირებული. ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბორჯომში ხანძრის გაჩენიდან მე-7 დღეს განაცხადა.
არსებული მონაცემებით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 100 ჰექტარზე მეტი ფართობია დამწვარი.
აღსანიშნავია, რომ სტიქიასთან ბრძოლაში და ხანძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებში სახელმწიფოს დახმარების სურვილი, ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა უკვე გამოთქვეს.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ბიზნესებს, რომლებიც აღნიშნულ ინიციატივას შეურთდნენ:
სასტუმრო RIXOS HOTEL BORJOMI - სასტუმროს ადმინისტრაცია მაშველებსა და მეხანძრეებს სასმელი წყლით და საკვებით ამარაგებდა;
ასევე საკვებით ამარაგებდა ხანძრის ტერიტორიაზე მომუშავე მეხანძრებსა და მაშველებსა - სასტუმრო CROWNE PLAZA BORJOMI-ს ადმინისტრაცია;
"სოკარი" - კომპანიამ ბორჯომში სტიქიასთან ბრძოლაში დასახმარებლად საწვავი -კერძოდ, 45 ტონა ავიასაწვავი, 10 ტონა ბენზინი და 10 ტონა დიზელი გამოყო. ამასთან, კომპანიის ცნობით, "სოკარი" ხანძრის შედეგად დამწვარი ბორჯომის ტყის აღდგენაშიც მიიღებს მონაწილეობას და ხეებს 2 ჰექტარზე დარგავს;
"თიბისი ჯგუფი", "ბორჯომი" და "კოკა -კოლა" - კომპანიები ბორჯომის დამწვარი ტყის 10 ჰექტარს აღადგენენ. აღნიშნულ ინიციატივას შეუერთდა ასევე კომპანია “ეკობინა” და ანაკლის განვითარების კონსორციუმი და "ანაკლია სითი". ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომპანია „ბორჯომი“ სტიქიის ადგილზე მობილიზებულ მაშველებსა და მეხაძნრებს საკვებითაც ამარაგებდა.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში (GHG) შემავალი კომპანიები: „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“, ფარმაცევტული კომპანიები „ჯპს“, „ფარმადეპო“ და სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ - ხანძრისგან გამოწვეული ზიანის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 500 ათას ლარს გამოყოფენ;
„საქართველოს ბანკი“ - დამწვარი ტერიტორიის აღდგენისა და ხანძრის პრევენციისთვის 1 მილიონ ლარს გამოყოფს;
"რომპეტროლი" - კომპანიამ სამაშველო საქმიანობებისთვის საწვავი გამოყო. ამასთან, მათივე ცნობით, "რომპეტროლ საქართველო" განადგურებული ტყის აღდგენაშიც შეიტანს თავის წვლილს;
”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” - კომპანია სახელმწიფო ხაზინაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ტერიტორიების აღსადგენად 250 000 ლარს გადარიცხავს;
ბორჯომის ხეობაში, ტყის აღდგენაში მონაწილეობას მიიღებს ასევე - "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" (GIG) მის შვილობილ კომპანიებთან ერთად : "საქნახშირი" , "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია", "ნეოგაზი", "ტიფლისი სითი", "ქამქი", "ევროპული სკოლა".