მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს ძვირფასი ავტომობილები ისევე იზიდავს, როგორც თაფლი ფუტკარს.
ზოგს ისინი საკუთარი დახურული კოლექციისთვის სურს, ზოგს იმისთვის, რომ ყველას დასანახად ინავარდოს, ზოგიც კლასიკური ავტომობილების რბოლებსა და სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობს.
თავის რუბრიკაში - „უმდიდრესი ადამიანების საიდუმლო ცხოვრება“, CNBC-მ ხუთი ყველაზე იშვიათი და ძვირად ღირებული ავტომობილი წარმოგვიდგინა, რომელთა შორის რომის პაპისთვის ნაჩუქარი „ფერარიც“ არის.
"ლაფერარი"
მარანლოელთა ეს შედევრი, ამ ხუთეულში ყველაზე ახალგაზრდაა. „ფერარიმ“ ის 2013 წელს გამოუშვა და რამდენიმე საათში სრული პარტია გაყიდა. თან მყიდველად მათ არჩევდა, ვისაც თავის ცხოვრებაში კომპანიისგან მინიმუმ ხუთი ავტომობილი ჰქონდა შეძენილი. „ლაფერარი“ 1.4 მილიონი დოლარი ღირდა. სულ 499 ცალი დამზადდა. არადა, მოთხოვნა გაცილებით მეტზე იყო.
ეს „ლაფერარი“ კაზინოების მაგნატ სტივ უინს ეკუთვნოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ზემძლავრი აგრეგატის ხმაურით და ავტომობილის წარმოუდგენელი ტემპერამენტით დიდი სიამოვნება ვერ მიიღო და გაყიდა. „კვიცი“ უცნობმა კოლექციონერმა 3 მილიონ დოლარად შეიძინა. სხვათა შორის, პერიოდულად ვრცელდება ხოლმე ინფორმაციები იმის შესახებ, რომ „ლაფერარი“ გაცილებით ძვირადაც კი იყიდება...
ფერარი ენცო პაპისთვის
„ფერარი ენცო“ „ლაფერარის“ წინამორბედია. ავტომობილი მხოლოდ 400 ცალი დამზადდა და ისეთივე პირობებით გაიყიდა, როგორც „ლაფერარი“ - იტალიური კომპანია სწორედ ამ მეთოდით ასე ცდილობს, რომ მისი სიამაყე-ქმნილებანი გადამყიველთა ხელის მოთბობის საშუალებად არ იქცეს. სხვათა შორის, „ენცოს“ ბოლო ეგზემპლარი თავად „ფერარიმ“ აუქციონზე 6 მილიონ დოლარად გაყიდა.
ამას ორი მიზეზი აქვს. ჯერ ერთი, ის ბოლო ეგზემპლარია და ამიტომ - გამორჩეული. მეორეც, 2005 წელს, რომის პაპ იოანე პავლე მეორესთვის დამზადდა. მას კომპანიის შეფის ხელმოწერაც ამშვენებს. მაგრამ კათოლიკური ეკლესიის ლიდერს მისი მართვა არ შეეძლო. პაპმა ვატიკანს კურთხევა მისცა, რომ ავტომობილი აუქციონზე გაყიდულიყო, რა თქმა უნდა, საქველმოქმედო მიზნით.
რეკორდსმენი „პორშე“
1982 წელს დამზადებული ეს სარბოლო „პორშე 956“ აუქციონზე 10 მილიონ დოლარად არის გაყიდული. ეს არის ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული „პორშე“. ამ კონკრეტული სარბოლო პროტოტიპის ღირსება ის არის, რომ თავისი 630-ცხენისძალიანი ტურბო ძრავის (რომლითაც ფ1-ში მსოფლიო ჩემპიონის სამი ტიტულოი მოიპოვა) მეშვეობით, ლე მანის სარტეს ტრეკზე, მულსანის სწორზე 362 კმ/სთ სიჩქარე აკრიფა. არაოვალურ ტრეკებზე ეს სიჩქარის მსოფლიო რეკორდია. ამავე ავტომობილით, გერმანელმა შტეფან ბელოფმა, ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟის აბსოლუტური რეკორდი (6:11.13) დააფიქსირა.
ყველაზე ძვირი მაკლარენი
„მაკლარენ F1“ სუპერ ავტომობილებს შორისაც გამორჩეულია. ბრიტანულმა კომპანიამ, რომლისთვისაც ეს პირველი საგზაო ავტომობილია, F1 მხოლოდ 106 ცალი დაამზადა. ამ ავტომობილით ბევრი რბოლაა მოგებული, მაგრამ მთავარი ისაა, მის მფლობელებს, კომპანიის ფორმულა 1-ის მდიდარ ისტორიასთან შეხების საშუალება ეძლეოდა. ავტომობილი თითქმის 1 მილიონი დოლარი ღირდა. დროთან განმავლობაში კი მისი ფასი სულ უფრო იზრდება. 2015 წელს ერთ-ერთ ასეთ ავტომობილში, აუქციონზე რეკორდულად მაღალი ფასი - 13.75 მილიონი დოლარი გადაიხადეს...
ყველაზე ძვირი ავტომობილი
რა თქმა უნდა, ეს ტიტული „ფერარის“ შედევრს ეკუთვნის. ესაა 1963 წელს გამოშვებული „ფერარი 250 GTO“. ასეთი მხოლოდ 39 ცალი დამზადდა. სხვათა შორის, მარანელოელებმა ის სპეციალურად, კოლექციონერებისთვის შეიმუშავეს. ყოველი მათგანი ძვირად ფასობს. და ერთ-ერთში არნახული თანხა - 52 მილიონი დოლარია გადახდილი.