"შარშანაც არ გვქონია თხილის კარგი მოსავალი, მაგრამ ასეთი დაზიანება, როგორიც ნაყოფს წლეულს აქვს, არ ჰქონია"
საქართველოში თხილის მოსავლის დაბინავება მთავრდება. ფერმერების შეფასებით, წლეულს თხილის მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურებულია, ხოლო რაც მოვიდა, ისეა დაზიანებული, რომ მისი საექსპორტო ვარგისიანობა, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. აზიური ფაროსანას გარდა, რომელმაც ნარგავების დიდი ნაწილი დააზიანა, თხილის ცუდი მოსავლის მიზეზად ჭარბი ნალექი და სოკოვანი დაავადებები სახელდება. ფერმერებს თუ დავუჯერებთ, ხელისუფლებამ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დააგვიანა, ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ სახელმწიფომ ყველაფერი ჯეროვნად გააკეთა და ფერმერებმა თხილის ნარგავებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ.
თხილის წარმოება ბოლო წლებში სწრაფად იზრდებოდა და ამის მიზეზი მისი საექსპორტო პოტენციალი და გაზრდილი მოთხოვნა იყო. თუ 2012 წელს საქართველოდან 83,5 მილიონი დოლარის ღირებულების თხილი გავიდა, შემდეგ წელს ეს მაჩვენებელი 166 მილიონამდე გაიზარდა, 2014-ში კი 183 მილიონ დოლარამდე და დაახლოებით ამ ფარგლებში რჩებოდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოდან მხოლოდ 31 მილიონი დოლარის თხილია გასული და ახალი მოსავალი ექსპორტის დიდად გაზრდის იმედს ნამდვილად არ გვაძლევს. არადა, წლების განმავლობაში თხილმა, ფაქტობრივად, ნულიდან შეძლო საქართველოს 10 უმსხვილეს საექსპორტო პროდუქტს შორის მოხვედრა. მსოფლიო ბაზარზე საქართველო თხილის მწარმოებელი უმსხვილესი ქვეყნების ხუთეულში შევიდა, თურქეთის, იტალიის, საბერძნეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ.
რაც შეეხება ქართული თხილის საექსპორტო გეოგრაფიას, ყველაზე მეტი გადის ევროკავშირის ქვეყნებში (მთელი ექსპორტის 81%), რუსეთში 5%, ერაყში 3%, თურქეთში 2% და დარჩენილი 9% სხვა ქვეყნებში.
რაც შეეხება თხილის საბითუმო ფასებს, საქართველოში, შარშანდელთან შედარებით, წლეულს მისი ღირებულებაც შემცირებულია. თუ გასულ წელს თხილის საშუალო ფასი აგვისტოში კილოგრამზე 3,7 ლარი იყო, ახლა საშუალო ფასი 2,5 ლარია. არადა, საერთაშორისო ბაზრებზე თხილი გაცილებით ძვირია და წლევანდელი მონაცემებით, 1 კგ-ზე 7,4-7,9 დოლარის ფარგლებშია. აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მსოფლიო ბაზრებზე 1 კგ თხილი ყველაზე ძვირი 2015 წელს ღირდა _ 13,9 დოლარი.
წლევანდელ მოსავალზე ფერმერების პესიმისტურ პროგნოზს არ იზიარებს სოფლის მეურნეობის მინისტრი და გვირჩევს, დაზუსტებულ მონაცემებს დაველოდოთ, თუმცა, არ უარყოფს, რომ პრობლემები და სირთულეები თხილის წარმოებაში ნამდვილად არის, რასაც სახელმწიფო და მეურნეები ერთობლივი ძალისხმევით უნდა გაუმკლავდნენ.
ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი: "ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველოში თხილის მოსავლის 60% განადგურებულია. არის ზონები, სადაც ნაყოფი ნამდვილად დაზიანებულია ამ პროცენტული მაჩვენებლით, მაგრამ არის ზონებიც, სადაც კარგი მოსავალი მოვიდა. მართალია, ჩვენ ველოდებით მოსავლის ნაწილობრივ შემცირებას, მაგრამ ჯერ სეზონის დასრულებას დაველოდოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება დაზუსტებული მონაცემები.
პრობლემები და სირთულეები თხილის წარმოებაში ნამდვილად არის და ეს რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება. მოსავლის შემცირება დაკავშირებულია კლიმატურ პირობებთან, მავნებელთან, აგროტექნოლოგიებთან და ხშირად იქ, სადაც შემცირებული მოსავალია, დგას თხილის ხარისხის პრობლემაც. კლიმატური პრობლემების კომპენსირება ზოგჯერ შესაძლებელია აგროტექნოლოგიებით, თუმცა, 100%-ით ყველაფრის აღმოფხვრა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია.
ამას ემატება ისიც, რომ ბოლო 2 წელიწადია ძალიან სერიოზულ მავნებელს, აზიურ ფაროსანას ვებრძვით. საკმაოდ რთულია მისი დამარცხება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, მაგალითად, აშშ-ისთვის. აზიური ფაროსანა ამერიკაში 2001 წლიდან გამოჩნდა და რამდენიმე წელიწადში 35 შტატში გამრავლდა. წელიწადში ამ ქვეყნისთვის 21 მილიარდი დოლარის ზარალი მოაქვს. აშშ-ში ამ მავნებელთან ბრძოლის მეტი საშუალება აქვთ, მეტად არის განვითარებული აგროტექნოლოგიები, ცოდნაც, მაგრამ იქაც კი მასთან ბრძოლა მარტივი არ არის. ცხადია, ჩვენთან ვითარების ასე დრამატიზება არ მინდა, რადგან ამ მავნებელთან ბრძოლის გამოცდილება, რომელიც მსოფლიოში დაგროვდა, შეგვიძლია, გამოვიყენოთ და უფრო სწრაფად ვებრძოლოთ. ასეც მოხდა შარშან, როცა მავნებლის იდენტიფიცირების შემდეგ, მასთან ბრძოლის ყველა აპრობირებული მეთოდი გამოვიყენეთ. თუმცა, ყველა მოწვეული სპეციალისტი ამბობდა, რომ უფრო ზუსტი და ეფექტიანი მოქმედებისთვის საქართველოში აზიური ფაროსანას შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა გვქონდეს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო განაგრძობს მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს ფერმერებთან ერთად. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ყველა ქვეყანაში ამ ღონისძიებებს ახორციელებენ ფერმერები და არა სახელმწიფო, ის მხოლოდ რეკომენდაციებს იძლევა. ჩვენ მხოლოდ რჩევებით არ შემოვიფარგლებით და მომავალ წლებშიც ასე იქნება. თუმცა, სულ უფრო ინტენსიური უნდა იყოს ფერმერების მონაწილეობა, რადგან მხოლოდ ასე არის შესაძლებელი ზარალის მასშტაბის შემცირება. პრობლემის მასშტაბურობას უთუოდ ყველა ფერმერი აცნობიერებს, ამიტომ მეტ აქტიურობას ველოდებით, რადგან მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები თხილის მოსავლის აღების შემდეგაც გაგრძელდება. ჩვენი როლი ამ საქმეში ძალიან დიდია, ვცდილობთ, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ფერმერებს. გაიმართა კიდეც საინფორმაციო კამპანია ამ მავნებელთან ბრძოლისთვის. ახლა უკვე ფერმერებს იმ ღონისძიებებს გავაცნობთ, რომლებსაც მოსავლის დაბინავების შემდეგ უნდა მიმართონ.
თხილის მოსავლის დაზიანების მიზეზი მხოლოდ მავნებელი არ ყოფილა, მოსავლის გაფუჭებაში დიდი წვლილი დაიდეს სოკოვანმა დაავადებებმაც. საქართველოში არაპროგნოზირებადი კლიმატური გარემოა და არც კლიმატის ცვლილებებია მითი, ეს უკვე რეალობაა. წლეულს ნალექების წლიური ნორმა ძალიან მოკლე პერიოდში მივიღეთ. ფაქტობრივად, ერთ კვირას გრძელდებოდა სამეგრელოში ინტენსიური ნალექები. მაღალ ტემპერატურასთან ერთად, უხვი ნალექი სოკოვანი დაავადებების გაჩენის მაღალ რისკს წარმოადგენს. შესწავლის შემდეგ თხილის ნარგავებში 17-დე სხვადასხვა სოკოვანი დაავადება აღმოჩნდა, ამიტომ იგეგმება კამპანია, რათა ფერმერებს ჰქონდეთ ინფორმაცია, როგორ უნდა ებრძოლონ ამ დაავადებებს.
მრავალწლიანი ხეხილის კულტურები პრიორიტეტული მიმართულებაა საქართველოს სახელმწიფოსთვის და მათ შორის კაკლოვნებს კიდევ უფრო
მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ამ საექსპორტო კულტურებზე მსოფლიო მასშტაბით არის მოთხოვნა. თუმცა, თხილი ჩვენთვის, ჯერჯერობით Yმაინც, ახალი კულტურაა, მხოლოდ ბოლო წლებში დაიწყო საქართველოში თხილის ინტენსიური გაშენება და კულტივაცია. მოვლა თხილსაც ისევე სჭირდება, როგორც ნებისმიერ სხვა ხეხილის კულტურას, ძალიან ბევრი შრომაა საჭირო, რომ თხილმა ხარისხიანი და უხვი მოსავალი მოგვცეს. საქართველოში ბევრი ფერმერია, ვისაც თხილის წარმოებაში დიდი პროგრესი აქვს და კარგი მეურნეობაც გააშენა, მაგრამ არის საყოველთაოდ გავრცელებული მცდარი აზრიც, რომ თითქოს თხილს, სხვა კულტურებთან შედარებით, ნაკლები მოვლა სჭირდება. ამ მცდარი საყოველთაოდ გავრცელებული აზრის შედეგი, სამწუხაროდ, წლევანდელი მოსავალია".
რევაზ შონია, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მთავარი აგრონომი: "რაიონების მიხედვით სხვადასხვა მდგომარეობა გვაქვს.
ზუგდიდის რაიონში განსაკუთრებით, ზღვისპირა ზოლში, თხილის მოსავლის 70-80%-ია გაფუჭებული. პირველ რიგში, ეს განაპირობა ამინდმა, ჭარბმა ტენმა, ამას დაემატა სოკოვანი დაავადებები და კიდევ, აზიური ფაროსანა.
ამ ყველაფრის გავლენით გაფუჭდა თხილის ხარისხი, ამან ფასზეც იმოქმედა და დღეს სხვადასხვა ხარისხის თხილის ფასი 1 კგ-ზე 50 თეთრიდან იწყება და 3-4 ლარამდე ადის. შარშანაც არ გვქონია თხილის კარგი მოსავალი, მაგრამ ასეთი დაზიანება, როგორიც ნაყოფს წლეულს აქვს, არ ჰქონია. ველოდებით, რომ საექსპორტოდ გასატანი თხილი, გასულ წელთან შედარებით, 30-40%-ით ნაკლები იქნება.
კახეთში გაცილებით უკეთესი ვითარება გვაქვს, მაგრამ იქაც გვალვამ თხილის გულის ფორმირებას ნაწილობრივ შეუშალა ხელი. ყველა შესაძლებლობა რომ გამოგვეყენებინა, ამ შედეგებამდე არ მივიდოდით. აუცილებელი იყო ნარგავების კომბინირებული წამლობა. ერთი და ორი პრეპარატით ფონს ვერ გავიდოდით. იმ ნაკვეთებზე, სადაც კომბინირებული წამლობა წარიმართა აგროწესებისა და აგროტექნიკის დაცვით, სულ სხვა, გაცილებით უკეთესი სურათი გვაქვს. ასეთ დროს ფერმერმა უნდა იაქტიუროს და ნარგავებს მიხედოს. ფერმერები ხშირად იმიზეზებენ, რომ ნარგავების მოვლისთვის საკმარისი ფინანსები არა აქვთ, მაგრამ აუცილებელია, ხარჯი მოსალოდნელ დანაკარგს შევადაროთ.
არიან ფერმერები, ვისაც შეეძლოთ თხილის პლანტაციების გადარჩენა. ამისთვის საჭირო იყო ჰექტარზე 300-400 ლარის დახარჯვა, მაგრამ არ დახარჯეს და შედეგად, სულ ცოტა, 10 ათასი ლარის მოსავალი დაკარგეს. არ ვიცი, ეს რას დავაბრალოთ, ალბათ, ყველაფერს ერთად, მაგრამ ფაქტია, რომ თუ ფერმერების ინფორმირება, განათლების დონე არ გაიზარდა, ყოველ წელს უარესი შედეგი გვექნება.
მაგალითად, სახელმწიფო ფერმერებს მავნებელთან ბრძოლაში დაეხმარა და ეს ღონისძიებები იდეალურადაც რომ ჩატარებულიყო, ზარალის მასშტაბის შემცირებას მაინც ვერ შევძლებდით, იმდენად იყო ნერგები დაზიანებული სოკოვანი დაავადებებით, რაც მოუვლელობასაც შეგვიძლია მივაწეროთ".
დამუშავდება 30 ათასი ჰა საკარმიდამო ნაკვეთები
ამ ეტაპზე აზიური ფაროსანას გასანადგურებლად საკარმიდამო ნაკვეთების დამუშავება მიმდინარეობს. ეს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების მეორე ეტაპია. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პირველ ეტაპზე 53 ათასი ჰა თხილის ფართობი დაამუშავა.
ამჟამად დასავლეთ საქართველოში წამლობა 8,3 ათას ჰექტარზეა ჩატარებული. მავნებლის გავრცელების კერებში ინტენსიურად მუშაობს 7 ერთეული ამერიკული თერმული ნისლის გენერატორი, 6 ერთეული იტალიური სამანქანე შემასხურებელი და 2 იტალიური სატრაქტორო აგრეგატი.
ფაროსანასთან ბრძოლის მეორე ეტაპზე 30 ათასი ჰექტარის დამუშავებაა დაგეგმილი. ეს ღონისძიებები მიმდინარეობს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით.
უცხოელი ექსპერტების შეფასებით, გატარებული სამუშაოების წყალობით მავნებლის გავრცელების გეოგრაფია არ გაზრდილა და მხოლოდ დასავლეთ საქართველოშია ლოკალიზებული.
თხილის წარმოება საქართველოში (ათასი ტონა)
2006 23,5
2007 21,2
2008 18,7
2009 21,8
2010 28,8
2011 31,1
2012 24,7
2013 39,7
2014 33,8
2015 35,3
2016 29,5
2017 წლის 7 თვე 5,1
ემა ტუხიაშვილი
წყარო: „კვირის პალიტრა"