ავტობუსებსა და „მარშუტკებში“ სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების დამონტაჟება  სავალდებულო გახდება

მთავრობამ „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა.

დადგენილების თანახმად, რეგლამენტი საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული ან/და პირველად რეგისტრირებული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის 2017 წლის 31 დეკემბრიდან; ხოლო ქვეყნის შიდა გადაზიდვებში ჩართული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.

როგორც დადგენილებაში ვკითხულობთ, რეგლამენტი ვრცელდება 5 ტონამდე და მეტი სრული მასის, 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებასა და 3.5 ტონამდე და 3.5 ტონიდან 12 ტონამდე მასის მქონე ტვირთის გადასაზიდ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე.

რეგლამენტი განსაზღვრავს: გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გზებზე გამოყენებისთვის მაქსიმალურ დასაშვებ სიჩქარეებს; სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების დაყენებისა და გამოყენების წესს; სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიებს, რომლებზეც სავალდებულოა ამ რეგლამენტის დებულებების გამოყენება და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების დაყენებასა და გამოყენებაზე ზედამხედველობის განხორციელების წესს.

რეგლამენტის თანახმად, 5 ტონამდე და 5 ტონაზე მეტი მასის მქონე, მგზავრთა გადამყვანი ტრანსპორტის გზებზე გამოყენება დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღჭურვილი იქნება სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით, რომლითაც მათი სიჩქარე საათში 100 კილომეტრზე მეტი არ იქნება; ხოლო 3.5 ტონამდე ან მეტი სრული მასის მქონე ტვირთის გადასაზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალების სიჩქარე საათში 90 კილომეტრს არ უნდა აღემატებოდეს.