ბორჯომის ხეობაში ამჟამად ყველა უწყებას 600-700 კაცამდე ცოცხალი ძალა ჰყავს მობილიზებული, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ხეობაში იმ ადგილზე, სადაც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, ცოცხალი ძალა საკმარისია. ამასთან, მინისტრმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ეხმარებოდნენ.
”300 ადამიანამდე არის შს სამინისტროს თანამშრომელი. ასევე რჩება თავდაცვის სამინისტროსა და სატყეოს თანამშრომლები. ასე რომ, ცოცხალი ძალა საკმარისად გვყავს. ჩვენ პრაქტიკულად გავანახევრეთ ცოცხალი ძალა, რაც ზონაში გვყავდა და ამჟამად 600-700 კაცამდე ვრჩებით. ტერიტორია დილით დატოვეს ჩვენმა სტუმრებმა. მათ კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით”, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, რამდენიმე საათში დატოვებს ხეობას ასევე ბელარუსის ვერტმფრენი, რომელიც საწვავით უკვე შევსებულია.