ლატარიის ბოლო გათამაშებაში სარეზერვო ფონდში არსებული თანხები სრულად გათამაშდება

1 სექტემბერს „ლოტო 6/36-ის ბოლო, რიგით 796-ე გათამაშებაში საპრიზო, მათ შორის, სარეზერვო ფონდში არსებული თანხები სრულად გათამაშდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ლატარიის კომპანია“ ავრცელებს.

„ლოტო 6/36"-ის ბოლო, რიგით 796-ე გათამაშება 1-ლ სექტემბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, 20 საათსა და 35 წუთზე. გათამაშებაში ლოტოს საპრიზო, მათ შორის, სარეზერვო ფონდში არსებული თანხები გამარჯვებულ საპრიზო კატეგორიებზე გადანაწილდება და სრულად გათამაშდება.

მონაწილეებს 796-ე გათამაშებისთვის ბილეთების შეძენა შეეძლებათ 29 აგვისტოს, ლოტოს გათამაშების დასრულების შემდეგ, ონლაინ - ebetting.ge-ს საშუალებით, ხოლო 30 აგვისტოდან - ყველა გაყიდვის ობიექტზე, სადაც ლატარიის კომპანიის მანიშნებელია განთავსებული. „ლოტო 6/36"-ისა და ყველა მიმდინარე მომენტალური გათამაშების ბილეთების გაყიდვა 1-ლი სექტემბრის საღამოს, 20 საათსა და 30 წუთზე შეწყდება,“-ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, კომპანიის ცნობით, „ლოტო 6/36" ბოლო გათამაშებაში მოგებული თანხის განაღდება „ლიბერთი ბანკსა“ და „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ ბეთინგ ცენტრში 1-ლ ნოემბრამდე იქნება შესაძლებელი.

ცნობისთვის, 1 სექტემბრის ბოლო გათამაშების შემდეგ „საქართველოს ლატარიის კომპანია“ საქმიანობას წყვეტს. 2027 წლამდე საქართველოში ლატარიას შპს „ჯი ენ ელ“ ჩაატარებს.