ყოველდღიურად ადამიანები საკმაოდ დიდ დროს უთმობენ ვიდეოს ნახვას.
მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზია ვიდეოს ნომერ პირველ წყაროდ რჩება, სულ უფრო მატულობს ონლაინ ვიდეოს მნახველთა რაოდენობა,
„ბლუმბერგის“ მონაცემებით, ონლაინ ვიდეო ყოველწლიურად 50%-ით იზრდება. ანალიტიკოსთა პროგნოზით კი, 2017 წელს ვიდეოს გლობალური მოხმარების სამომხმარებლო ინტერნეტ-ტრაფიკის 70%-ს მიაღწევს. მათივე თქმით, საკმაოდ სწრაფად იზრდება ონლაინ ვიდეო რეკლამის სეგმენტიც.
„ბლუმბერგის“ კვლევის თანახმად, მიმდინარე წელს აშშ-ში ონლაინ ვიდეორეკლამაზე დანახარჯები 2013 წელთან შედარებით 222%-ით გაიზრდება და 9,1 მილიარდ დოლარს შეადგენს, ჩინეთში ზრდა 219% იქნება - 895 მილიონი დოლარი, დიდი ბრიტანეთში - 251% - 685 მილიონი დოლარი, ავსტრალიაში კი 413% - 553 მილიონი დოლარი. საერთო ჯამში, „ბლუმბერგის“ ანალიტიკოსთან მონაცემებით, მსოფლიოში წელს, 2013 წელთან შედარებით ონლაინ ვიდეორეკლამაზე დანახარჯები 237%-ით გაიზრდება და 12,1 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
ამავე კვლევით, რეკლამისდამკვეთთა 75% მიიჩნევს, რომ ონლაინ ინტერნეტში ვიდეორეკლამა ისეთივე ეფექტურია, როგორც სატელევიზიო რეკლამა, ან სულაც უკეთესი. კვლევაში მონაწილთა 90%-ის მოსაზრებით კი, ციფრულ ვიდეორეკლამას ისეთივე დიდი გამოხმაურება აქვს, როგორც დისპლეი რეკლამას.
როგორც კვლევაშია ნათქვამი, ონლაინ ვიდეორეკლამის ბაზრის ძირითადი დამკვეთები ავტომობილების სფეროს წარმომადგენლები არიან 19%, მათ მოსდევს რითეილის სფერო - 18%, ტექნოლოგიები - 17% და სამომხმარებლო საქონლის მწარმოებლები - 14%.