კახეთში ყურძენს გვალვა ანადგურებს

ბოლო ორი თვის განმავლობაში კახეთში წვიმა არ მოსულა, ჰაერის ტემპერატურა კი +38-დან +42 გრადუსის ფარგლებში მერყეობს.

ამის გამო კახელი გლეხები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, წელს ყურძნის მოსავლის გარეშე დარჩნენ.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა სიღნაღის რაიონში, სადაც ძლიერმა სეტყვამ ყურძნის მოსავლის დაახლოებით 70% ისედაც გაანადგურა. დარჩენილ მოსავალს კი გვალვა ანადგურებს.

„ყურძნის მოსავალს წელს კარგი პირი უჩანდა, კარგ მოსავალს ველოდებოდით, მაგრამ მაისში ძლიერმა სეტყვამ დაგვაზარალა, დარჩენილ მოსავალს კი გვალვა ანადგურებს. ძალიან რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით, კრედიტების დაფარვასაც კი ვერ ვახერხებთ. გამოდის ფუჭად ვშრომობთ, თუ ასეთი ამინდები კიდევ დიდხანს გაგრძელდა, რთველი არ გვექნება“-აცხადებენ სიღნაღის რაიონის გლეხები.

იმის გარდა, რომ კახეთში წვიმა არ მოდის, მოსავლის ხელოვნურად გადარჩენის საშუალებაც კი არ არსებობს. სარწყავი სისტემის არარსებობის გამო გლეხები ვენახის მორწყვას ვერ ახერხებენ.

„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებენ, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში წვიმა თუ არ მოვიდა ყურძნის მოსავალზე ხელის ჩაქნევა მოუწევთ.

თიკო გურაშვილი