2017 წლის პირველი სექტემბრიდან მიმოქცევაში 5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები ჩაეშვება. განახლებული 5-ლარიანი მიმოქცევაში იქნება წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად.
განახლებულ ბანკნოტზე შენარჩუნებულია თავდაპირველი თემატიკა: წინა მხარეს გამოსახულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით.
ბანკნოტის უკანა მხარეს/რევერსზე გამოსახულია ნიკო ფიროსმანის ტილოები - "მეთევზე წითელ პერანგში" და "კალო". ასევე, საქართველოს სახელმწიფო გერბი.
5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის. განახლებული 5 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა.
შეგახსენებთ, რომ 20 და 50 ლარის ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაშია 2016 წლის 1 თებერვლიდან, ხოლო 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი მიმოქცევაშია 2016 წლის 1 ნოემბრიდან.