„რეზონანსი" - ადგილობრივი მოსავალი 3-4 თვეში ამოიწურება

წლევანდელი მოსავლის მარაგი 3-4 თვეზე მეტს ვერ გასტანს.

ამის მიზეზი მუდმივი უამინდობაა. ამიტომაა, რომ წლევანდელი ცხელი ზაფხული ფასებითაც „ცხელია“. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხილ-ბოსტნეულის ფასი გაზრდილია, ხოლო შემოდგომიდან პროდუქტი კიდევ უფრო გაძვირდება, რასაც გლეხებიც ადასტურებენ და ვაჭრებიც.

წელს მოსავლიანობის მხრივ პრობლემებია. ცხადია, ეს არ არის გლეხების ან თუნდაც რომელიმე უწყების ბრალი. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში პრობლემა უამინდობამ შექმნა. გაზაფხულზე ყინვისა და ხშირი წვიმის გამო ხეხილის ბაღები და ბაღჩეული ერთიანად დაზიანდა, რასაც ზაფხულზე გვალვაც დაემატა.

ადგილობრივი პროდუქტის არსებული მარაგი მალე ამოიწურება და იმპორტის საჭიროება ახალ წლამდეც დადგება. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ რამდენიმე თვის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ზამთარი დადგება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.

დასავლეთ საქართველოში თხილი თითქმის განადგურდა, კარგი პირი არც სიმინდს უჩანს. ბოსტნეული ცოტაა და არც ხილი გამოირჩევა უხვმოსავლიანობით. ამ მხრივ განსაკუთრებით დიდი დეფიციტია დასავლეთ საქართველოში. გამონაკლისია ხორბალი, რომელიც საკმაოდ უხვადაა. იგივე შეიძლებაითქვას ყურძენზეც. როგორც ამ რამდენიმე დღის წინ სოფლის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, კახეთს რთველის წარმატებული სეოზნი ელოდება.

ხალხი შიშობს, რომ უკვე გაძვირებული საქონელი სამომავლოდ შეიძლება აღარც გაიაფდეს. მალე ადგილობრივი პროდუქტის მარაგი ამოიწურება და იმპორტის საჭიროება ვადაზე ადრე გახდება.

რაც შეეხება ფასებს, ერთადერთი, რაც აგრარულ ბაზრებში შედარებით იაფი ღირს, კარტოფილია 1კგ-ის ფასი, საშუალოდ 0.60-0.80 ლარია. ამავე რაოდენობის 1 კგ ხახვის ფასი 1 ლარის ფარგლებშია, ნიორი - 4-5 ლარი ღირს. ხილი 1 ლარზე ნაკლები აღარსადაა, ლობიოს ფასი 5 ლარამდეა, ხოლო 1 კგ ყველი 7-8 ლარის ნიშნულს არ სცილდება. ფასმა თითქმის ყველა დასახელების თევზზე მოიმატა, ქართული კალმახი 12 ლარამდე ღირს.

აგროსასურსათო დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ ქართული პროდუქტი უკვე დეკემბრიდან დეფიციტური იქნება და მომხმარებლებს მათი „პოვნა“ უფრო და უფრო გაუჭირდებათ. აკადემიკოს პაატა კოღუაშვილის ინფორმაციით, ზედიზედ 4-5 წელია, რაც მარაგის მხრივ სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში და ქართული პროდუქტის რაოდენობა 2 კვარტალში იწურება.

„სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქტი საკმაოდ ძვირია, რაც უფრო მეტად მარაგის ამოწურვის პრობლემაა. რამდენიმე თვეში ადგილობრივი თითქმის აღარაფერი შემოგვრჩება, მცირე ოდენობის კარტოფილისა და ციტრუსის გარდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა. იმის გამო, რომ ადგილობრივი პროდუქტი 3-4 თვეში იწურება, თავიდან ბოლომდე იმპორტზე ვრჩებით დამოკიდებული“, - ამბობს კოღუაშვილი და დასძენს, რომ ბოლო რამდენიმე წელია, რაც იმპორტის მოჭარბებაა ქვეყანაში.

„საჭიროა ქართული წარმოების ჯანსაღი გარემოს შექმნა. ვერ იქმნება ის სტიმული, რაც წარმოების განვითარებას შეუწყობს ხელს. აგრარული შრომის „ავტორიტეტი“ დაეცა, რის გამოც სოფლად ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. სოფლად, პრაქტიკულად, არაფერი ხდება და ვითარება რთულია. ეს უნდა გაიგოს სახელმწიფომ და სოფლის მეურნეობის განვითარებას მეტად უნდა შეუწყოს ხელი.

გლეხს, რომელსაც ჩამოაქვს თავისი პროდუქცია დედაქალაქში, აღარც გარე ვაჭრობის შესძლებლობა აქვს და არც ბაზარში დგომის საშუალება. ამიტომ პირდაპირ გადამყიდველებთა უწევს ურთიერთობა. ამის გამო უშუალოდ მომხმარებლამდე ბვრად ძვირად მიდის საკვები. როცა ზაფხულში ფასები ასეთი მაღალია, ძალიან მძიმე ზამთარს უნდა ველოდოთ“, - განუცხადა „ბიზნეს რეზონანს“ პაატა კირუაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ იაფი სეზონი დაიწყო, საქართველოში ყველა სიძვირეზე საუბრობს. ზაფხულში ასეთი მაღალი ფასები მოსახლეობაში მომავალი ზამთრის შიშს აჩენს. როცა იაფ თვეებში პროდუქრი თვალში საცემად ძვირია, ძნელი გამოსაცნობი არ არის, რა იქნება 3-4 თვის შემდეგ. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ზაფხულში ასეთი ფასი, დიდი ხანია, არ ახსოვთ.

„საქონლის „ასაღები ფასი“ იმდენად მაღალია, მინიმალურ თანხას ვამატებ პროდუქტს, რომ კლიენტი არ დაფრთხეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ძვირი გამოდის. როდესაც ზაფხულში ეს ფასია ხილსა და ბოსტნეულზე, ზამთარში რა იქნება? ხალხს ყიდვის საშუალება არ აქვს. 2-3 წლის წინ ერთბაშად 5-6 კილოს ყიდულობდნენ და იმარაგებდნენ, ახლა თითო კილოთი შემოიფარგლებიან.

ყველაფერი გაძვირებულია უამინდობისა და საწვავის მაღალი ფასის გამო. სავარაუდოდ, კიდევ გაგრძელდება ფასის ზრდა. ახლა არ მაქვს ნორმალური ვაჭრობა და მერე წარმოდგენაც მიჭირს რა იქნება“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანს“ საბურთალოზე მდებარე ხილ-ბოსტნეულის მაღაზიის მფლობელმა გიორგი ვაშაკიძემ.

ვაჭრების ინფორმაციით, სურსათის მორიგი გაძვირება ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება და ეს პროცესი მთელი ზამთრის განმავლობაში გაგრძელდება. გლდანის სამომხმარებლო ბაზრის მოვაჭრე ლალი გულისაშვილი ვარაუდობს, რომ ძალიან მალე ადგილობრივი პროდუქტი „დეფიციტში გადავა“.

„სამომხმარებლო ბაზარზე ბოსტნეულით ვვაჭრობ. შარშან მთელი ზაფხული ვიმუშავეთ ისე, რომ ფასი არ შეგვიცვლია, ამ მხრივ მეტ-ნაკლებად სტაბილური ვითარება იყო. ახლა ყველაფერი ძვირია, ცოტატი იაფია პომიდორი. ცხადია, ხალხი უკმაყოფილოა, რაც გაყიდვის მაჩვენებლზეც აისახა. კლიენტებს პროდუქტის არათუ მომარაგება, მცირე რაოდენობითაც კი უჭირთ ყიდვა“, - ამბობს ლალი გულისაშვილი.

ეკონომიკის დოქტორი პაატა აროშიძე ამბობს, რომ საქართველო ძირითადად თურქული პროდუქციის გასაღების არეალია, მწირი და ძვირი ქართული პროდუქცია კი მას კონკურენციას ვერ უწევს.

„ჩვენ თურქული პროდუქციის გამსაღებელი ქვეყანა ვართ და იმპორტირებული პროდუქტის იმედად უნდა ვიყოთ ამ ზამთარშიც. მაღალი ფასის გარდა, ქართული აგრარული პროდუქტი დეფიციტურიც იქნება. უამინდობისა და სტიქიის გამო ადგილობრივი საქონელი იმპორტირებულს კონკურენციას ვერ გაუწევს.

ძალიან ძვირი ზაფხულია. თითქოს ამ პერიოდში სამომხმარებლო ბაზარზე სიიაფე უნდა იყოს, მაგრამ ეს არსად იგრძნობა. სამწუხარო ისაა, რომ ფასების ზრდა ყველაზე მეტ პრობლემას საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობას შეუქმნის. ღარიბი კიდევ უფრო გაღარიბდება, საშუალო ფენა სიდუხჭირეს იგრძნობს“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანს“ პაატა აროშიძემ.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი „რეზონანსი"