ჩრდილოეთ კორეის რაკეტებმა ოქროს ფასი გაზარდა

ოქროს ფასი თითქმის ბოლო ათი თვის მაქსიმუმამდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ თავისი ბალისტიკური რაკეტების მორიგი გამოცდა ჩაატარა.გეოპოლიტიკური რისკების ზრდამ, ინვესტორთა უსაფრთხო ზონისკენ (როგორიცაა ოქრო, იენი, შვეიცარიული ფრანკი) გადანაცვლება გამოიწვია.

კომექსის პლატფორმაზე ტროას უნცია ოქროს ფასი 11.10 დოლარით (0.9%) გაიზარდა და 1 326.52 დოლარს მიაღწია. ეს უმაღლესი წერტილია მას შემდეგ, რაც ნოემბერში მისი ფასი 1 330.00 დოლრამდე გაიზარდა. ორშაბათს ოქროს ფასი 1.3 პროცენტით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ, ერთ დღეში მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებულმა ბალისტიკურმა რაკეტებმა, რომლებსაც ბირთვული ქობინების გადატანა შეუძლია, იაპონიას გადაუფრინა და კუნძულ ჰოკაიდოს სიახლოვეს ჩავარდა. ბოლოს კორეულმა რაკეტებმა იაპონიის ცას 2009 წელს გადაუფრინა.

ამას მოჰყვა აშშ-ის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის მიერ გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს მოწვევა. საბჭო, რომელშიც 15 წევრია გაერთიანებული, მოგვიანებით შეიკრიბება და ჩრდილოეთ კორეის საკითხს განიხილავს. იაპონიის გარდა, ჩრდილოეთ კორეა შეერთებუილ შტატებს კუნძულ გუამის და იქ არსებული ამერიკული ბაზის დაბომბვით დაემუქრა. ამის პასუხად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეას „ცეცხლსა და რისხვას“ დაატეხს თავს.

პოლიტიკური დაძაბულობის ზრდის დროს iნვესტორები რისკიან აქტივებს ერიდებიან, ეს არის აქციები და მაღალი მოგების მომტანი ვალუტები. რისკებისგან თავშესაფრის როლს კი ოქრო, ვერცხლი, პლატინა, პალადიუმი, იაპონური იენი და შვეიცარიული ფრანკი ასრულებენ.