„რეზონანსი" - დედაქალაქში წყლის გასაძვირებლად ემზადებიან

დედაქალაქის მოსახლეობას შესაძლოა, წყლის გადასახადიც გაუძვირდეს.

მართალია, ჯერჯერობით სატარიფო ცვლილების შესახებ ოფიციალურად არაფერი თქმულა, მაგრამ თუკი ელექტროენერგიის გადასახადს გააძვირებენ, შემდეგი აუცილებლად იქნება წყლის ტარიფი. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, საამისოდ კომპანიები ყველა შესაძლო ხერხს გამოიყენებენ.

ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია წლის ბოლომდე სამწლიან ტარიფს დაადგენს ელექტროენერგიაზეც და წყალზეც. ეს აღრმავებს ეჭვს, რომ ამჟამად მოქმედი გადასახადები უცვლელი არ დარჩება და არც კომპანიები შეეგუებიან მომდევნო წლების განმავლობაში არსებული ტარიფით მუშაობას.

იმავეს ვარაუდობდა "რეზონანსი" ცოტა ხნის წინ ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებითაც და ეს ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით დადასტურდა კიდეც. ახლა მოსახლეობის შეგუება მიმდინარეობს მოსალოდნელ ცვლილებასთან.

დღესდღეობით ელექტროენერგიის გაძვირებაზე აქტიურად მიდის საუბარი, ეს გადასახადი კი მნიშვნელოვანი კომპონენტია წყლის ტარიფშიც. დიდია საფრთხე, რომ ხალხს გაუძვირონ წყალი, რომლის გადასახადი ისედაც მაღალია.

როგორც სპეციალისტები განმარატვენ, სულ მცირე გაძვირებაც კი მოსახლეობისთვის მძიმე იქნება, თანაც დღეს არსებული წყალმომარაგების პირობებში, როდესაც თბილისელები მთელი ზაფხულის პერიოდში წყლის გამუდმებულ შეწყვეტას უჩიოდნენ. უკვე ყოველდღიური პრობლემაა, როცა ქალაქის სხვადასხვა უბანში წყლის სისტემები მწყობრიდან გამოდის და დაუსრულებელი ტექნიკური ხარვეზების გამო, მოსახლეობა ზარალდება.

როგორც ცნობილია, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია ენგურჰესისა და ჟინვალჰესისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენაზე მალე იმსჯელებს. სემეკი აღნიშნულ საკითხს 7 სექტემბერს ჩანიშნულ სხდომაზე განიხილავს. კომისია იქვე მიიღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.

სხდომაზე სემეკი განიხილავს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის" წყალმომარაგების ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფების დადგენის საკითხს. ასევე, იმსჯელებს შპს "მცხეთის წყალისთვის" წყალმომარაგების ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფების დადგენაზეც.

ორგანიაზაციაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, იგეგმება თუ არა წყლის ტარიფის გადახედვა.

"კონკრეტული დეპარტამენტი დაიწყებს კომპანიის მიერ წარმოდგენილი ფინანსური და ტექნიკური მონაცემების შესახებ დოკუმენტაციის შესწავლას. ამის შემდეგ იქნება არასებითი განხილვა საჯარო სხდომაზე და კონკრეტულ ტარიფთან დაკავშირებით ინფორმაციაც გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოება იწყება. ეს არის სამართლებრივი პროცესი, დადგინდება, რა ვადებში უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება კომისიის მიერ.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, რომ წარმოადგინოს თავისი მოსაზრება, მათ შორის, ანონიმურადაც. როდესაც განისაზღვრება წინადადებების განხილვისა და კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადა, მხოლოდ მაშინ იქნება დეტალები ცნობილი წყლის ტარიფთან დაკავშირებითაც", - განუმარტეს "რეზონანსს" მარეგულირებელ კომისიაში.

ეკონომისტების ნაწილი ფიქრობს, რომ, ელექტროენერგიის გაძვირების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება წყლის ტარიფის გადახედვის საკითხიც, მიუხედავად იმისა, რეალურად არის თუ არა ამის აუცილებლობა ქვეყანაში. ანალიტიკოს ვახტანგ ჭარაიას შეფასებით, გადასახადის უმნიშვნელო გაძვირებაც კი მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება.

"ბოლო პერიოდის ტენდენციას თუ დავაკვირდებით, საერთოდ არ არის გამორიცხული, რომ გადასახადის გაძვირება მოხდეს. ცხადია, მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობაზე ეს ცვლილება ნეგატიურად აისახება, რადგან შემოსავალი არ მატულობს და, საუკეთესო შემთხვევაში, იგივე რჩება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.

წყლის ტარიფის შემთხვევაში საუბარი ეხება კერძო კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს წყლის მიწოდებას დედაქალაქის მოსახლეობისთვის. ვფიქრობ, კერძო კომპანია არ წავა საკუთარი ინტერესის საწინააღმდეგოდ და გადასახადის გაძვირებას შეეცდება. მესმის, სავალუტო ცვლილებამაც გარკვეული გავლენა მოახდინა და გაეზარდათ ხარჯი, თუმცა ჩემთვის მაინც გაუგებარია, რეალურად აუცილებელია თუ არა როგორც თელას-ისთვის, ასევე "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის" გადასახადის ზრდა. ეს ინფორმაცია გაუმჭვირვალეა.

კერძო კომპანიების მცდელობა მუდმივად შემოსავლების ზრდისკენაა მიმართული. ეს მათი პოზიციაა, მაგრამ არ მგონია, აუცილებლად იდგეს როგორც ელექტროენერგიის, ასევე წყლის ტარიფის გაზრდის საკითხი ქვეყანაში. ადგილობრივი კომპონენტებიც ბევრია მათ მიერ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებაში. მხოლოდ ის, რომ ლარი გაუფასურდა, ტარიფების ზრდისათვის ნაკლებად დამაჯერებელი არგუმენტია.

რეალურად, დღეს არ არის გადასახადის გადახედვის აუცილებლობა, კომპანიები ისედაც საკმაოდ მაღალ მოგებაზე გადიან. მათაც უნდა იკისრონ გარკვეული ვალდებულება ქართველი მომხმარებლების წინაშე, რადგან ამ ქვეყანაში მუშაობენ და ეწევიან ბიზნესს. სულ მცირე, უნდა გააცნობიერონ, რომ ხალხს ფინანსურად ძალიან უჭირს, განსაკუთრებით - პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს. გადასახადის თუნდაც მცირედი გაძვირებაც ხალხს მძიმე ტვირთად დააწვება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ვახტანგ ჭარაიამ.

მარი ჩიტაია

გაზეთი „რეზონანსი"