რა იცის Google-მა ჩვენზე?

ტექნოლოგიური პროგრესისა და ინტერნეტის ეპოქაში თითოეული ჩვენგანი უამრავ აპლიკაციას, საძიებო სისტემას, სოციალურ ქსელს, ონლაინ მომსახურებას იყენებს. ნაწილი ფასიანია, ნაწილი - არა.

თუმცა, ბევრს, შესაძლოა, არ უფიქრია იმაზე, რომ უფასო მომსახურებებიც არ არის ბოლომდე უფასო და მათ მისაღებად ჩვენს პერსონალურ მონაცემებს „ვიხდით.“

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ცნობით, კომპანიები აგროვებენ და ამუშავებენ ჩვენს სახელს და გვარს, დაბადების თარიღს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, გადაადგილების მარშრუტს, ინფორმაციას ოჯახის წევრების, სამსახურის, საცხოვრებელი მისამართის, ინტერნეტ-ძიების ისტორიის, ინტერესებისა და გემოვნების, დაგეგმილი შვებულების შესახებ. ვაძლევთ მათ წვდომას ჩვენს ტელეფონში არსებულ ფოტოებზე, კონტაქტებზე, ადგილმდეობარეობაზე საბანკო ბარათებზე. ერთი სიტყვით იმ პერსონალურ მონაცემებზე, რომელიც ჩვენს ციფრულ პორტრეტს ქმნის.

როგორც წესი, კომპანიებს ეს მონაცემები ჩვენთვის შესაბამისი პროდუქტის ან მომსახურების მოსაწოდებლად, სერვისის და პროდუქტის ფუნქციების გასაუმჯობესებლად სჭირდებათ, თუმცა, ისინი არ მალავენ, რომ მიღებულ მონაცემებს აანალიზებენ და იყენებენ, როგორც მინიმუმ, ჩვენზე მორგებული რეკლამის გამოსაგზავნად, სტატისტიკის გამოსათვლელად, განწყობებისა და ტრენდების დასადგენად. თითოეული ჩვენგანის მიერ „გადახდილი“ მონაცემები სხვა უამრავ მონაცემთან ერთად შეადგენს ინფორმაციის იმ უზარმაზარ ერთობლიობას, რომელსაც „Big Data“-ს, ანუ დიდ მონაცემებს უწოდებენ.

თუ ასეთ მოცემულობაში საკუთარი მონაცემების კონტროლი გვსურს, პირველ რიგში ინფორმაციის მიღებაა საჭირო: შევეცადოთ მეტი გავიგოთ იმაზე, თუ რა მონაცემებს გავცემთ ამა თუ იმ მომსახურების სანაცვლოდ, როგორ შეგვიძლია მათი მოცულობის შემცირება, არასასურველი წვდომის თავიდან არიდება და მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა.

რა მონაცემებს აგროვებ ჩემ შესახებ Google?

ცნობილი გამოთქმა - „Google-მა ყველაფერი იცის“ ჩვენს პერსონალურ მონაცემებსაც ეხება. ელექტრონული ფოსტის მისამართი, ძებნის ისტორია, YouTube-ის ნახვები, საბანკო მონაცემები, პაროლები, პირადი მიმოწერა - ეს იმ ინფორმაციის არასრული სიაა, რასაც Google-ის და მისი სხვადასხვა პროდუქტის გამოყენებისას მომხმარებელი გასცემს. რა ინფორმაციას აგროვებს ჩვენ შესახებ Google, რისთვის იყენებს და ვის უზიარებს მას - ამ კითხვაზე პასუხები ტექნოლოგიური გიგანტის კონფიდენციალურობის პოლიტიკაშია მოცემული.

რა მონაცემებს აგროვებს Google?

Google-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, რომელიც საკმაოდ ვრცელი დოკუმენტია, ნათქვამია, რომ კომპანია საკუთარი მომხმარებლის შესახებ სამი ძირითადი ტიპის ინფორმაციას აგროვებს:

ვინ ხართ: - „როდესაც გუგლის ანგარიშს არეგისტრირებთ, ჩვენ ვინახავთ ძირითად პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც თქვენ თავად გვაწვდით. მათ შორის შეიძლება იყოს: სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, დაბადების თარიღი, სქესი, ტელეფონის ნომერი, ქვეყანა და სხვა“ - ნათქვამია დოკუმენტში.

რა მოქმედებებს ახორციელებთ: - „როდესაც ჩვენს სერვისებს იყენებთ, მაგალითად ეძებთ რაიმეს Google-ში ან არჩევთ ოპტიმალურ მარშრუტს Google maps-ში, უყურებთ ვიდეოს YouTube-ზე - ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს იმისთვის, რომ ეს სერვისები თქვენთვის უკეთ მუშაობდეს. ამ მონაცემებს შორის შეიძლება იყოს: ის რასაც ეძებთ, ვებგვერდები, რომლებზეც შედიხართ, ვიდეოები რომლებსაც უყურებთ, რეკლამები რომელზეც გადადიხართ, თქვენი ადგილმდებარეობა, ინფორმაცია მოწყობილობის შესახებ, რომლითაც სარგებლობთ, IP მისამართი და მზა ჩანაწერების (cookies) მონაცემები.“ - გვეუბნება Google.

რას ქმნით: - „თუ თქვენი Google-ის ანგარიშზე ხართ შესული, ჩვენ ვინახავთ და ვიცავთ იმას, რასაც თქვენ ქმნით ჩვენი სერვისების გამოყენებით. მათ შორისაა: Email-ები, რომელსაც Gmail-ით იღებთ და აგზავნით; კონტაქტები; კალენდარში მონიშნული ღონისძიებები; ფოტოები და ვიდეოები; დოკუმენტები, სლაიდები; Drive-ზე ატვირთული ნებისმიერი ინფორმაცია.“ - ნათქვამია კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტში.

როგორ იყენებს Google ჩვენს მონაცემებს?

ყველა ეს მონაცემი და მათი დამუშავება გუგლის იმ სერვისების მიღებაში გვეხმარება, რომელთა გარეშეც ცხოვრება უკვე რთული წარმოსადგენია. მაგალითად, ლოკაცია საჭიროა რუკაზე სასურველი მისამართის მისაგნებად; სახელი, გვარი, მისამართი - გუგლის ფორმების ავტომატური შევსებისთვის, search ისტორია - ჩვენზე მორგებული საძიებო ვერსიების შემოთავაზებისა და სიტყვებისა თუ წინადადებების დასრულებისთვის, (search autocomplete), YouTube-ს ნახვების ისტორია - იმ ვიდეოების შემოთავაზებისთვის, რომლებიც, სავარაუდოდ, მოგვეწონება და სხვა.

თუმცა, სერვისების შეუფერხებლად მიწოდებისა და გაუმჯობესების გარდა Google მონაცემებს ჩვენზე კონტენტისა და რეკლამის მოსარგებადაც იყენებს. კომპანია ამბობს, რომ თქვენი Google profile-ი იცის გუგლის ყველა სერვისმა, რომელზე წვდომაც მისი ანგარიშის დახმარებით გაქვთ. თქვენი Google-ის ანგარიშში დაფიქსირებული სახელი, ფოტო, ასევე ის ქმედებები, რომელსაც თქვენ ახორციელებთ გუგლში ან მის ანგარიშთან დაკავშირებულ აპლიკაციაში, შესაძლოა გამოყენებული იყოს რეკლამაში ან სხვა კომერციულ კონტექსტში.

Google-თან დაკავშირებისას კომპანია თვალს ადევნებს და ინახავს თქვენი და საძიებო სისტემის კომუნიკაციას, იმისთვის, რომ, როგორც თავად ამბობს, უფრო მარტივად გადაწყვიტოს თქვენთვის მნიშვნელოვანი ნებისმიერი საკითხი. ასევე, შესაძლოა, გამოიყენოს თქვენი ელექტრონული ფოსტა იმისთვის, რომ სიახლეებისა და ახალი სერვისების შესახებ ინფორმაცია მოგაწოდოთ.

Google იყენებს მზა ჩანაწერებს (cookies) და სხვა ტექნოლოგიებს (მაგალითად, pixel tags) იმისთვის, რომ თქვენზე მორგებული რეკლამა შემოგთავაზოთ, თუმცა ხაზგასმით აცხადებს, რომ ამ პროცესთან არ აკავშირებს ისეთი სენსიტიური ტიპის მონაცემებს, როგორიცაა რასა, რელიგია, სექსუალური ორიენტაცია ან ჯამრთელობის მდგომარეობა.

საძიებო გიგანტის ავტომატიზებული სისტემა აანალიზებს თქვენი Email-ების შინაარსსაც. კომპანია აცხადებს, რომ ამის მთავარი მიზანი სპამისგან და მავნე კოდისგან (ვირუსი) დაცვა, ამავე დროს კი, პერსონალურად თქვენთვის რელევანტური ძიების შედეგების და რეკლამის შემოთავაზებაა. Google არ მალავს, რომ სარეკლამო მიზნებისთვის აანალიზებს თქვენს აქტივობებს სხვა საიტებსა და აპლიკაციებშიც. მაგალითისთვის, თუ თქვენ ამაზონზე, სადაც Gmail-ით ხართ დარეგისტრირებული, ხშირად ეძებთ Apple-ის პროდუქტებს, შესაძლოა, ეს სამომავლოდ თქვენთვის შესაბამისი რეკლამის შესათავაზებლად იყოს გამოყენებული.

ვის უზიარებს Google ჩვენს მონაცემებს

Google აცხადებს, რომ არ უზიარებს ჩვენს პერსონალურ ინფორმაციას ინდივიდებს, ორგანიზაციებსა და კომპანიებს Google-ის გარეთ, თუმცა აქვე ჩამოთვლის გამონაკლის შემთხვევებს. მათ შორის 2 საყურადღებო პუნქტია: სამართლებრივი მიზეზები და გარე დამუშავება. ვნახოთ რას გულისხმობს კომპანია სამართლებრივ მიზეზებში:

„ჩვენ გავუზიარებთ პერსონალურ ინფორმაციას კომპანიებს, ორგანიზაციებსა და ინდივიდებს Google-ის გარეთ, თუ გვჯერა და გვწამს, რომ ამ ინფორმაციაზე წვდომა, გამოყენება, შენახვა თუ გამჟღავნება გონივრულად აუცილებელია: ნებისმიერ სათანადო კანონთან, რეგულაციასთან, სასამართლოს ბრძანებასთან ან ხელისუფლების ორგანოს თხოვნასთან შესაბამისობისათვის; შესაბამისი მომსახურების პირობების აღსასრულებლად, მათ შორის სავარაუდო დარღვევის გამოძიებისათვის; თაღლითობის, უსაფრთხოებასთან ან ტექნიკურ ხარვეზთან დაკავშირებული პრობლემის დადგენის, თავიდან აცლების ან სხვა ფორმით მოგვარების მიზნით; Google-ის, ჩვენი მომხმარებლების, ან საზოგადოების უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საფრთხისაგან დასაცავად, კანონის მოთხოვნის ან ნებართვის შესაბამისად.

ამავე დროს კომპანია ხაზგასმით აცხადებს, რომ არ აძლევს მთავრობებს პირდაპირ წვდომას თქვენს მონაცემებზე: „ჩვენ არასოდეს ვაძლევთ წვდომას „უკანა კარიდან (ე.წ. backdoor)“ თქვენს მონაცემებზე ან ჩვენს სერვერებზე სადაც თქვენი მონაცემები ინახება. წერტილი! არანაკლებ საინტერესოა „გარე დამუშავების“ განმარტებაც: “ჩვენ ვაწვდით პერსონალურ ინფორმაციას დაკავშირებულ პირებს (affiliates) ან სხვა ჩვენი ნდობით აღჭურვილ ბიზნესებსა და პირებს, იმისთვის, რომ დაამუშაონ ის ჩვენთვის, ჩვენივე ინსტრუქციებზე დაყრდნობით და კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.“ - ამბობს გუგლი.

ინფორმაცია Google affiliates შესახებ ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომია, თუმცა რთულია იმის დადგენა, ვინ იგულისხმება Google-ის ნდობით აღჭურვილ ბიზნესებსა და პირებში.

გუგლი, ასევე, აცხადებს, რომ პერსონალურად არაიდენტიფიცირებადი ინფორმაცია - როგორიცაა ტრენდები ან სტატისტიკა, შეუძლია საკუთარ პარტნიორებს - მაგალითად, გამომცემლებს, სარეკლამო კომპანიებს ან დაკავშირებულ ვებგვერდებს გაუზიაროს.

გამჭვირვალობა და არჩევანი

„Google ცდილობს მაქსიმალურად ნათელი გახადოს თუ როგორ ამუშავებს მონაცემებს, იმისთვის, რომ თქვენ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შეძლოთ.“ - აცხადებს ტექნოლოგიური გიგანტი კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. არჩევანის გასაკეთებლად და კონტროლის საკუთარ ხელში ასაღებად კომპანია გთავაზობთ კიდევ უფრო დეტალურად გაიგოთ მისი წესების , სარეკლამო პოლიტიკის, ცალკეული პროდუქტების კონფიდენციალობის პოლიტიკის შესახებ, როგორც წერილობით, ისე მულტიმედია ფორმით. საძიებო გიგანტი, ასევე, გთავაზობთ, თავად გადაწყვიტოთ, რომელი აქტივობების შესახებ ინფორმაცია შეინახოს თქვენს ანგარიშზე. ამისთვის სპეციალური მექანიზმი - აქტივობების კონტროლი არსებობს. ჩვენი რუბრიკის შემდეგი სტატიის მთავარი თემაც სწორედ ეს მექანიზმი და მისი გამოყენების გზები იქნება.