აბასთუმნის ტყეში ხანძრის ჩაქრობის პროცესში დახმარებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს ირანთან და აზერბაიჯანთან, დახმარების სურვილი გამოთქვა საფრანგეთმა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აბასთუმნის ტყეში ხანძრის ჩაქრობის პროცესში მეზობელი ქვეყნების ავიაციის ჩართვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, აბასთუმნის ტყეში ხანძრის ჩაქრობის პროცესში უკრაინული სამაშველო თვითმფრინავი ერთვება. ამის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტმა გუშინ ღამით ისაუბრეს. უკრაინული თვითმფრინავი საქართველოში უახლოეს საათებში შემოვა.

ამავდროულად, თურქეთის რესპუბლიკამ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობისთვის ორი ვერტმფრენი და ერთი სამაშველო თვითმფრინავი გამოყო, რომელიც დღის მეორე ნახევარში გამოფრინდება.

როგორც უწყებაში განმარტავენ, დახმარების მიღების თაობაზე დამატებითი კონსულტაციები მიმდინარეობს ირანთან და აზერბაიჯანთან. დახმარების სურვილი გამოხატა საფრანგეთმა, რომელთანაც ქართული მხარე ასევე კონსულტაციებს აწარმოებს.

აბასთუმანში მობილიზებულია შსს-სა და სხვა უწყებების შესაბამისი სამსახურები. საგანგებო შტაბი 24 საათიან მუშაობას განაგრძობს.