დემირელის სახელობის სკოლა დაიხურა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო.
როგორც განათლების სამინისტროს სკოლების ავტორიზაციის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გია მურღულიამ განაცხადა, დემირელის სკოლას 3 მიმართულებით ჰქონდა ხარვეზი, მათ შორის ყველაზე მწვავე იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ქმედებები. კერძოდ, გია მურღულიას განცხადებით, ერაყიდან თუ ირანიდან ჩამოსულ მოსწავლეებს ხშირად ერთ დღეში შეეძლო სხვადასხვა გამოცდის ჩაბარება, რაც წარმოუდგენელია.
გია მურღულია დემირელის სკოლის საქმიანობაში თაღლითობის ნიშნებსაც ხედავს.
„უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ზოგჯერ ერთ დღეში მიიღებდნენ სკოლაში, შექმნიდნენ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას. მოსწავლეები ერთ დღეში 6-7 გამოცდას ჩააბარებდნენ როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე ფიზიკასა და ქიმიაში, ისტორიასა და ბიოლოგიაში. ეს არის ენით გაუგონარი და უთქმელი დარღვევა, გარდა ამისა, ნამდვილად ახლავს ამას თაღლითობის ნიშნები“, - განაცხადა გია მურღულიამ.