" ჩვენ მაქსიმალურად გვიჭირავს სიტუაცია და ვაკონტროლებთ", - ამის შესახებ აბასთუმნის ტყეში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, რელიეფი ძალიან რთულია. თუმცა, მიუხედავად ამისა, დასახლებული პუნქტებისკენ ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
"რაც შეეხება ზოგადად ცეცხლის სხვა ფართობებზე გავრცელების საშიშროებას, ჩვენ მაქსიმალურად გვიჭირავს სიტუაცია და ვაკონტროლებთ. რაც შეეხება ფართობს, ის დაითვლება მას შემდეგ, რაც მოხდება სრული ლიკვიდაცია. ხანძრის დროს ხდება დაკვამლიანება და შესაძლოა, ხანძარი იყოს სულ რაღაც 100 კვადრატულ მეტრზე, მაგრამ დაკვამლიანება იყოს ჰექტრობით ტერიტორიაზე",- განაცხადა მინისტრმა.
მანვე მედიას ინფორმაცია მიაწოდა, თუ რა სამუშაოები ხორციელდება ხანძრის ზონაში.
"ცოტა ხნის წინ ვერტმფრენით განვახორციელეთ საკონტროლო შემოფრენა. ცოცხალი ძალა უკვე ხანძართანაა მობილიზებული. წყლის მიწოდება ხდება ინტენსიურად. გზები, ფაქტობრივად, მიყვანილოა კერებამდე და სახანძრო მანქანებს საშუალება ეძლევათ ადგილზე იმუშაონ. დამატებით, დაახლოებით 3-4 საათისთვის თურქეთიდან ჩამოფრინდება ორი ვერტმფრენი, უკრაინიდან ველოდებით თვითმფრინავს და აზერბაიჯანიდან ორ ვერტმფრენს",- განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ჯარის ჩართულობა საჭირო არ არის.
რაც შეეხებათ მოხალისეებს, მისი თქმით, ოფიციალური უწყებები ცდილობენ ისინი ამ პროცესში არ ჩართონ, რათა პროფესიონალებს ხელი არ შეეშალოთ.
" თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან მობილიზებულია, გარკვეული ჯგუფები ცეცხლის კერებთანაა მისული და მონაწილეობას იღებენ ხანძრის ქრობის პროცესში",- განაცხადა მღებრიშვილმა.