აჭარაში სანავიგაციო ნიშნების სანათი მოწყობილობების განახლებაზე მუშაობა დასრულდა

აჭარაში სანავიგაციო ნიშნების სანათი მოწყობილობების განახლებაზე მუშაობა დასრულდა. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განმარტავენ, განახლებაზე სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური“ მუშაობდა.

სამინისტროს ინფორმაციით, სანათ მოწყობილობებზე განათების სიმკვეთრისა და სიმძლავრის მომატების სამუშაოები ფინური კომპანია „SABIK MARINE”-ს წარმომადგენლის უშუალო ჩართულობითა და ინსტრუქტაჟით განხორციელდა.

ახალი სანავიგაციო მოწყობილობებისა და საშუალებების ინსტალირება ნათების სიმძლავრის პროცენტული მაჩვენებლების გამოთვლის შესაბამისად კომპლექსურად მოხდა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, აჭარის საზღვაო სანავიგაციო ინფრასტრუქტურა უკვე აღჭურვილია შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციის (IALA) მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სანავიგაციო მოწყობილობებით.

„ნაოსნობის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლების მიზნით ჰიდროგრაფიული სამსახური შემდგომშიც მუდმივად განახორციელებს მსგავს ღონისძიებებს“, - აცხადებენ სამინისტროში.