ბიტკოინმა და კრიპტოვალუტების ბაზარმა ახალ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწიეს.
ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის ფასმა 4644.1 დოლარს მიაღწია, რის შემდეგაც 4480.4 დოლარამდე შემცირდა. ამჟამად ფასი 4520 დოლარზე მაღლა იმყოფება.
ამგვარად, აგვისტოში ბიტკოინის ფასმა დაახლოებით 70-პროცენტიანი ზრდა დააფიქსირა. მისმა კაპიტალიზაციამ კი 75.40 მილიარდ დოლარს მიაღწია. რა თქმა უნდა, ამან ციფრული ვალუტების ჯამური კაპიტალზაციის ზრდაც გამოიწვია, რომელიც 161 მილიარდ დოლარს ასცდა. ამ წლის განმავლობაში, ბიტკოინის ფასი 400 პროცენტზე მეტით არის გაზრდილი.
ბიტკოინისგან განსხვავებთ, დაიკლო მისმა განაყოფმა - ბიტკოინ ქეშმა, რომლის ფასიც 29.51 დოლარით, 551.71 დოლარამდე შემცირდა. ეს ვალუტა 1 აგვისტოს შეიქმნა და მას შემდეგ, ჯერ 935.50 დოლარს მიაღწია, შემდეგ კი კლება დაიწყო. თუმცა ამის მიუხედავად, ის კვლავაც მესამე ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის სტატუსს ინარჩუნებს. მისი კაპიტალიზაცია 9 მილიარდ დოლარს აღწევს.
ბიტკოინი ორ ვალუტად მას შემდეგ გაიყო, რაც მისმა რამდენიმე მომპოვებელმა უარი თქვა რეფორმაზე, რომელიც SegWit2x-ის სახელით არის ცნობილი. მისი მიზანი, ბიტკოინით ტრანზაქციების დაჩქარება (გაორმაგება) იყო. ბიტკოინის სტრუქტურა მხოლოდ იმის საშუალებას იძლეოდა, რომ წამში მხოლოდ 7 ტრანზაქცია შესრულებულიყო. შედარებისთვის, ვიზა-ს შესაბამისი მაჩვენებელი წამში 2 000 ტრანზაქციას აღწევს. ამიტომ, პიკურ პერიოდებში, ბიტკოინით ტრანზაქციებს შეიძლება საათებიც კი დასჭირდეს, რაც ბევრ უხერხულობას ქმნის. რეფორმის შემდეგ, ბიტკოინით ტრანზაქციები ორჯერ დაჩქარდა და 10 წუთში 2 მეგაბაიტს მიაღწია.
შედარებისთვის, ბიტკოინ ქეშით 10 წუთში 8 მეგაბაიტის ტრანზაქციის შესრულებაა შესაძლებელი.
ბიტკოინის მსგავსად, ზრდას კიდევ ერთი პოპულარული ციფრული ვალუტა, ეთერიუმი აგრძელებს. მისმა ფასმა 369.28 დოლარს მიაღწია. რეიტინგის ხუთეულში შემავალი ლაიტკოინის ფასი კი, რომელმაც მაქსიმუმს (64.82 დოლარი) ორშაბათს მიაღწია, 62.53 დოლარზე ჩამოვიდა.