ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, აბასთუმნის მიმდებარედ, შერეული ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო შტაბი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, შსს-ს განაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს 1000-ზე მეტი თანამშრომელი. გაიჭრა 5 კილომეტრამდე გზა. ხანძრის კერებთან შეყვანილია ათეულობით ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.
როგორ საგანგებო შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოებში, გუშინ გამთენიიდან ჩართული იყო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის, ასევე, კომპანია „თუშეთის“ ვერტმფრენები. დღის მეორე ნახევარში, ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო უკრაინული თვითმფრინავი და აზერბაიჯანის ვერტმფრენი. საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა დახმარების მიზნით გამოგზავნილმა თურქეთის ერთმა ვერტმფრენმა. დღეს თურქეთის რესპუბლიკა დამატებით კიდევ ერთ ვერტმფრენს და სახანძრო-სამაშველო თვითმფრინავს გამოყოფს.
მათივე ინფორმაციით, საერთო ჯამში, აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ცოცხალ ძალასა და ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკასთან ერთად, ჩართული იქნება 7 ერთეული საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.
საგანგებო შტაბი ადგილზე 24 საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.