მონაცემების მიხედვით, 2016 წელს საქართველოში სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1 415 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა, რომელთაც 1 496 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება (ადგილობრივი ერთეულების და ფილიალების ჩათვლით) გააჩნიათ.
„საქსტატის“ ცნობით, სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება წარმოადგენს, რომლის წილად 2016 წელს მოქმედი სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 57.4% მოდის, ინდივიდუალური მეწარმის წილად - 40.6%. ხოლო დანარჩენ სუბიექტებს სააქციო საზოგადოების (1.3%), სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (0.1%) და სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის (0.6%) სტატუსი გააჩნია.
მოქმედი სასტუმროების უმეტესი ნაწილი - 99.5% კერძო საკუთრებაში, ხოლო 0.5% - სახელმწიფო საკუთრებაშია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი დაახლოებით 1.7 მილიონ კვადრატულ მეტრს შეადგენდა. რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 29.5%-ით მეტია.
აქედან იჯარით გაცემულია 28.7 ათასი კვადრატული მეტრი, ხოლო ყველა ნომრის საცხოვრებელმა ფართობმა 821.4 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 33.3%- ით მეტია.
ამასთან, გასულ წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 61.4 ათასი ერთეული შეადგინა. ნომრების საერთო რიცხვი 28.4 ათასი ერთეულია, რომელთა 10.0% ლუქსია, 12.9% – ერთადგილიანი, 57.8% – ორადგილიანი, ხოლო 19.3% სამი და მეტი ადგილის მქონე ნომრებია.