ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული პირები პრემიებს მიიღებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ფინანსთა მინისტრს ბორჯომის ხეობაში, ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოების მონაწილეებზე პრემიების გაცემის საკითხის მოგვარება დაავალა.

როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, ამ სამუშაოებში დაახლოებით 3 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. კვირიკაშვილმა ყველა მათგანს მადლობა გადაუხადა.

“რაც შეეხება ბორჯომის ხეობაში წაღვერის მახლობლად არსებული სტიქიის დაძლევის საკითხს, მასშტაბური ხანძარი ჩაქრა ძალიან ბევრი ადამიანის ძალისხმევით. მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ეს იყო ერთობლივი ძალისხმევა და ძალიან კოორდინირებული მუშაობა სახელმწიფო და კერძო უწყებების. მე მინდა ყველა ადამიანს, ვინც იქ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ებრძოდა გამძვინვარებულ სტიქიას, მადლობა გადავუხადო. სტიქიის მასშტაბები ახლა დგინდება და ის იყო ძალიან დიდი. 3 ათასზე მეტი ადამიანი იყო ჩართული ცეცხლის ჩაქრობაში, ესენი იყვნენ ჩვენი მეხანძრე-მაშველები, მეტყევეები, საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, ჯარისკაცები, ექიმები, ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები, მოსახლეობის ნაწილი და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც ძალიან დიდი დახმარება გაგვიწიეს. ტექნიკით, ერთობლივი ძალისხმევით და კოორდინირებული მუშაობით ჩვენ შევძელით და ადამიანების სიცოცხლე და მათი ქონება გადავარჩინეთ განადგურებას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, არსებობდა ტყის დიდი მასივის განადგურების რისკიც, თუმცა ეს გამოწვევა დაიძლია.

„რა თქმა უნდა, გადავარჩინეთ ტყის ძალიან დიდი მასივი განადგურებას და ეს რისკი არსებობდა. ვფიქრობ, რომ ღირსეულად დავძლიეთ ეს გამოწვევა. მინდა ვთქვა, რომ ასეთი გამოწვევის დროს შესაბამისი დასკვნების გამოტანაა საჭირო.

მინდა ფინანსთა მინისტრს დავავალო, რომ ვინც იყო ამ სტიქიებში ჩართული, პრემირების საკითხი უმოკლეს დროში იქნას მოგვარებული. მათ ნამდვილად ეკუთვნით წახალისება და ეს არის ბუნებრივი“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.