კახეთში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების გამო მოქალაქე 17-ჯერ დააჯარიმეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო იუწყება, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე, მოქალაქე, ბენზოხერხის გამოყენებით, ჭალის მუხის სახეობის ხეებს უკანონოდ ჭრიდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან, ხე-ტყის მოპოვების სათანადო დოკუმენტაციის მოთხოვნის პასუხად, მოქალაქემ მათ ჩართული ბენზოხერხის საშუალებით წინააღმდეგობა გაუწია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და არ დაემორჩილა ხეების ჭრის შეჩერების მოთხოვნას.

”აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭირო გახდა ადგილზე შსს-ს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების გამოძახება, რომლებმაც სამართალდამრღვევი ლაგოდეხის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მის მიმართ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეს 2000 ლარიანი გირაო შეეფარდა და სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა. საქმეზე გრძელდება გამოძიება.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აღნიშნული პირის მხრიდან მსგავსი სამართალდარღვევის ფაქტები ხშირია - 2013 წლიდან დღემდე, მის მიმართ შედგენილია 17 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ხე-ტყის უკანონო ჭრასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით და საერთო ჯამში, ჯარიმისა და გარემოზე მიყენებული ზიანის სახით, მას დაკისრებული აქვს 12 000 ლარი”,- ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.