დოლარმა გამოცოცხლება დაიწყო

იმის მიუხედავად, რომ ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშიურებული დაძაბულობა ძალაშია და ტროპიკულ ქარიშხალ ჰარვის მიერ აშშ-ის ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი, ათეულობით მილიარდ დოლარში გამოიხატება, დღეს ამერიკულმა ვალუტამ გამოცოცხლება დაიწყო.

ამის მიზეზი კი პირველ რიგში, ამერიკასა და ჩინეთში გამოქვეყნებული დადებითი ეკონომიკური მაჩვენებლების დამსახურებაა, რამაც მსხვილ ინვესტორებს, რისკიანი აქტივებისადმი ინტერესი დაუბრუნა.

დოლარის ინდექსი, რომელიც ამერიკული ვალუტის ექვსი წამყვანი ვალუტისადმი ჯამურ ფასს განსაზღვრავს, 92.929-მდე გაიზარდა და საგრძნობლად დაშორდა ბოლო ორწელიწადნახევრის მინიმუმს, რომელიც სამშაბათს, 91.621-ის დონეზე დაფიქსირდა. დოლარი ევროსთან მიმართებაში 1.1890-მდე (1 ევრო=1.2069-დან) გამყარდა. ყველაზე მკვეთრი ზრდა კი იენთან მიმრთებაში აქვს - 1 დოლარის ფასმა 110.68 იენს მიაღწია.

იმავდროულად, ამერიკაში ბენზინის ფასი გაძვირდა, რაც სწორედ ჰარვის დამსახურებაა - ქარიშხალის გამო, ამერიკის ნავთობგადამამუშავებელი პოტენციალის დაახლოებით მეოთხედი გაჩერდა, ან გაჩერების პირასაა. ინვესტორთა ოპტიმიზმს აძლიერებს ჩინეთში გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელიც გვამცნობს, რომ ცისქვეშეთში წარმოების სფეროში აქტივობა გაიზარდა. ანალიტიკოსები კი მცირე კლებას პროგნოზირებდნენ. ჩინეთში წარმოების სფეროში საქმიანი აქტივობის ინდექსი ივლისის 51.4-დან აგვისტოში 51.7-მდე გაიზარდა. პროგნოზით კი 51.3-მდე შემცირებას ვარაუდობდა.

რისკისადმი მადის ზრდას, ყველა ევროპული და იაპონური (ნიკეი) სააქციო ინდექსის ზრდა მოჰყვა. გაიზარდა მოთხოვნა და შესაბამისად ფასებიც, შავ და ფერად ლითონებზე. 7 პროცენტით გაძვირდა სპილენძი. პარალელურად, ევროპაში ინფლაციის მაჩვენებელიც იზრდება. ევროზონაში სამომხმარებლო ფასების ინდექსი, ივლისის 1.3 პროცენტიდან, 1.5 პროცენტამდე გაიზარდა. მოლოდინი კი 1.4 პროცენტი იყო.

კვლავ იზრდება განვითარებადი ქვეყნების სააქციო ბაზარი, რომელზეც ზედიზედ მერვე თვეა, ზრდა ფიქსირდება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ძალიან მალე აქ კორექციაა მოსალოდნელი. აღსანიშნავია, რომ განვითარებადი ქვეყნების სააქციო ბაზრების საერთო ზრდამ, წლის დასაწყისიდან 30 პროცენტს მიაღწია.

რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, გუშინ იქ კერძო სექტორში ახალდასაქმებულთა მაჩვენებელი (ADP) გამოქვეყნდა, რომელმაც აჩვენა, რომ კერძო კომპანიებმა აგვისტოში 237 000 ახალი თანამშრომელი აიყვანეს. ეს აღნიშნულ სექტორში დასაქმების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ხუთ თვეში. რაც მთავარია, ასეთი სტატისტიკა, არასასოფლო სფეროში ახალდასაქმებულთა მაჩვენებლის გამოქვეყნების წინ (პარასკევს), ბაზარს ოპტიმისტურად განაწყობს.