“საქართველოს ბანკის” ბანკომატებსა და პოს ტერმინალებში UPI-ის ბარათებით თანხის განაღდება და გადახდა იქნება შესაძლებელი

“საქართველოს ბანკმა” ხელი მოაწერა ხელშეკრულებას მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს საბანკო საგადახდო ბარათების კომპანიასთან, UnionPay International-თან (UPI), თავის ქსელში ბარათების მიღების თაობაზე. შედეგად, წლის ბოლომდე, “საქართველოს ბანკის” ბანკომატებსა და პოს ტერმინალებში UPI-ის ბარათებით თანხის განაღდება და გადახდა იქნება შესაძლებელი.

„საქართველოს ბანკი“ ქვეყანაში ბანკომატების ყველაზე ფართო ქსელს ფლობს, რომელიც 827 ბანკომატს მოიცავს, ხოლო ბანკის პოს ტერმინალების ქსელი 11,303 ტერმინალს ითვლის. იგი 1997 და 1998 წლებიდან Mastercard-ის და Visa-ს წევრი ორგანიზაციაა. ასევე, 2008 წლიდან American Express®-ის, ხოლო 2011 წლიდან Diners Club International-ისა და Discover-ის ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში.

„მოხარული ვარ, რომ წლის ბოლომდე მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, საქართველოში ბანკომატებისა და პოს ტერმინალების ერთ-ერთ ყველაზე ფართო ქსელში ისარგებლოს UnionPay International-ის ბარათებით. შედეგად, „საქართველოს ბანკი“ მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა საბანკო ბარათის მიღებას უზრუნველყოფს საქართველოში.

„ვფიქრობ, აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ტურისტული ნაკადების საგრძნობი ზრდა აღინიშნება. გადახდების მომსახურება კი ტურისტული ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილია“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

მისივე თქმით, გადახდების მომსახურების გაუმჯობესება და ამ მიმართულებით თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია.

UnionPay International-ი, China UnionPay-ს შვილობილია. UPI-ს პატნიორობა აქვს 1,000-ზე მეტ დაწესებულებასთან მსოფლიოში და მისი ბარათების მიღება ხდება მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში. UPI ემსახურება მსოფლიოში საბანკო ბარათების მფლობელ ყველაზე დიდ რიცხვს.