ლევან კობიაშვილი: „ჩემი, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ხელფასი 0 ლარს შეადგენს“

„ჩემი, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ხელფასი შეადგენს 0 ლარს“.

ასე გამოეხმაურა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი შალვა ნათელაშვილის განცხადებას, თითქოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მისი წლიური ხელფასი 120 ათას ლარს შეადგენს.

„მსურს, გამოვეხმაურო შალვა ნათელაშვილის აბსურდულ განცხადებას, რომ თითქოსდა ჩემი, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ხელფასი 120 000 ლარს შეადგენს.

მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ მას შემდეგ, რაც გლდანის 21-ე ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად ამირჩიეს და საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრი გავხდი, კანონის შესაბამისად, არ ვიღებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს. შესაბამისად, ჩემი, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ხელფასი შეადგენს 0 ლარს.

რაც შეეხება არჩევნებამდე მიღებულ ხელფასს: მსურს, გითხრათ თქვენ და ამავდროულად, გული დავწყვიტო ბატონ შალვას, რომ ინფორმაცია, რომელსაც ის ავრცელებს და თავისი საარჩევნო მიზნებისათვის იყენებს, აბსოლუტური სიცრუეა. თანხა, რომელსაც ის ასახელებს არის აბსურდული და რადიკალურად განსხვავებული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის განსაზღვრული თანადებობრივი სარგოსგან.

მიუხედავად იმისა, რომ ბატონი შალვას რიტორიკა სიახლეს არ წარმოადგენს და მას ამ მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მოვუწოდებ თავი შეიკავოს ტყუილებისგან და ამ ტყუილების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებისგან,“ - წერს კობიაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

ცნობისთვის, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციიდან, ხელფასის სახით, წელიწადში 120 ათას ლარს იღებს.