ნორვეგიას და ისლანდიასთან საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დღეიდან ძალაშია

ნორვეგიას და ისლანდიასთან საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დღეიდან ძალაშია.

როგორც  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განაცხადეს, პირველ სექტემბერს ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, 2017 წლის 27 ივნისს, ქ. ბერნში ხელმოწერილი შეთანხმება.

„დოკუმენტი მოიცავს, როგორც საქონლით ვაჭრობის სატარიფო ლიბერალიზაციის საკითხებს, ასევე არასატარიფო ბარიერების გადალახვის შესაძლებლობას და ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობის ზრდას. ამასთან, შეთანხმება (ერთიან თავისუფალ ვაჭრობის ზონაში) ითვალისწინებს წევრი სახელმწიფოების მიერ წარმოებულ პროდუქტზე იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებას. მოცემულ ეტაპზე ხელშეკრულება ძალაში შედის საქართველოს, ნორვეგიისა და ისლანდიისთვის, ხოლო შვეიცარიის კონფედერაცია და ლიხტენშტეინი აქტიურად აგრძელებენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭირო შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელების პროცესს“, - აცხადებენ სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი პროდუქცია, რომელსაც ექნება ისლანდიური ან ნორვეგიული წარმოშობა გათავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან, ხოლო საქართველოში წარმოებული და შესაბამისი წარმოშობის სერტიფიკატით (ანგარიშფაქტურის დეკლარაციით) დადასტურებული საქონელი ანალოგიური სატარიფო შეღავათით ისარგებლებს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოში ლიბერალური შეღავათიანი საბაჟო სატარიფო რეჟიმი, უკვე 41 ქვეყანასთან მიმართებაში მოქმედებს.