ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის 1-ლი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება

ნარიყალას ციხე-სიმაგრის რეაბილიტაციის I ეტაპი დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის განვითარების ფონდი ავრცელებს.

ფონდი ციხის რეაბილიტაციის პროექტს „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მიმართულებით, ისტორიულ-კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამით ახორციელებს.

„პირველი ეტაპის სამუშაოების ფარგლებში დასრულდა სატრაპეზოს პირველ სართულზე იატაკის კერამიკული ფილებით მოწყობის სამუშაოები. ასევე გალავნის შესასვლელიდან ტაძრის ეზომდე ასასვლელი გზა ქვაფენილით მოპირკეთდა. ამ ეტაპზე ტერიტორიაზე შემდეგი სამუშაოები მიმდინარეობს: სატრაპეზოს ნაგებობის შიდა სარემონტო სამუშაოები, სატრაპეზოს ფასადის მოპირკეთება ბუნებრივი ქვით და აგურით ასევე შიდა კიბის მოწყობა. ძველი გალავნის აღდგენა, რომელიც სატრაპეზოს დეკორატიულ ელემენტს წარმოადგენს. ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები 2017 წლის შემოდგომაზე დასრულდება,“-ნათქვამია ინფორმაციაში.