შეერთებულ შტატებში შრომის ბაზრის აგვისტოს სტატისტიკური მაჩვენებლები გამოქვეყნდა, რომლებმაც ყველა ძირითად პუნქტში გაუარესება აჩვენა.
რა თქმა უნდა, სავალუტო ბაზარზე ამან დოლარის პოზიციები შეარყია, თუმცა ამერიკულ ვალუტას მალევე მაშველად ავსტრიის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე და იმავდროულად, ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მმართველი საბჭოს წევრი ევალდ ნოვოტნი მოევლინა.
აშშ-ში უმუშევრობის დონე 4.3-დან 4.4 პროცენტამდე გაიზარდა. საშუალო საათობრივი ანაზღაურების ზრდის ტემპი კი 0.3-დან 0.1 პროცენტამდე შემცირდა. ასევე პროგნოზირებულზე უარესი გამოდგა არასასოფლო სფეროში ახალ დასაქმებულთა (NFP) ზრდის მაჩვენებელი, რომელიც მხოლოდ 156 000-ია. არადა, წინა თვის შესაბამისი მაჩვენებელი 189 000 იყო, პროგნოზი კი 180 000-ით ზრდას ვარაუდობდა.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ივლისის პირველადი მაჩვენებელი თუ 209 000-ს შეადგენდა, დაზუსტების შემდეგ ის 29 000-ით შემცირდა.
როგორც წესი, ეს მაჩვენებლები თვის პირველ პარასკევს ქვეყნდება ხოლმე და ისინი დოლარის კურსზე ძლიერ ზემოქმედებს. საქმე ისაა, რომ სამივე მაჩვენებელი ინფლაციის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორებია, ინფლაცია კი ფედრეზერვის პოლიტიკას განსაზღვრავს. ამჟამად, ინფლაციის მიზნობრივი დონის (2%) მიღწევა ფედრეზერვის მთავარი ამოცანაა, რომელიც ამის მიზიდვით განსაზღვრავს დოლარზე საპროცენტო განაკვეთს. სავალუტო ბაზარი ფედრეზერვისგან დოლარზე განაკვეთის აწევის მოლოდინშია, მაგრამ შრომის ბაზრის ნეგატიური სტატისტიკა ამ პროცესს შეაფერხებს.
ახლა უკვე ანალიტიკოსების დიდი ნიწილი ჩათვლის, რომ წელს განაკვეთის მესამედ აწევის შანსი მინიმუმამდე შემცირდა. ეს კი დოლარის კურსს დაბლა დასწევს. სწორედ ასეთი იყო დღევანდელი სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ ბაზრის პირველი რეაქცია - დოლარის ინდექსი 92.53-დან 92.09-მდე შემცირდა.
რაც შეეხება ნოვოტნის გამოსვლას, მან განაცხადა, რომ ამჟამად ECB არ განიხილავს სტიმულირების პროგრამის მკვეთრად გაჩერებას. უფრო მეტიც, პროგრამა გეგმის შესაბამისად გაგრძელდება, რაც ნიშნავს, რომ ECB წელს დამატებით 2.3 ტრილიონი ევროს ღირებულების აქტივებს შეიძენს. პროგრამიდან გამოსვლა კი ფრთხილი და ეტაპობრივი პროცესი იქნება და თუ აშშ-ის შრომის ბაზრის სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ, ევრო-დოლარის წყვილის ფასი 1.1980-მდე გაიზარდა, ნოვოტნის განცხადებამ სავალუტო ბაზრის ყველაზე პოპულარული წყვილის ფასი მკვეთრად შემოაბრუნა და ამ მომენტისთვის 1.1865-ს ჩამოსცდა.